საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები: "არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში"
26.04.2024
 
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ.

ხელმომწერები ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით ღირსების შემლახავ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან. 

ამ დროისთვის საერთო განცხადების 150 ხელმომწერი ორგანიზაცია ყველას 28 აპრილს, 19:00 საათზე რუსული კანონის წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. 
განცხადება ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიის შემოერთებისთვის ღიაა.

„სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში,  ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს. 

ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.  

აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთასაბჭოებში მუშაობაზე გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.

ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად.

სწორედ ამ ხალხის 80%, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ქართულ ოცნება კი, ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ,  მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით, ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა,  ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას. 

ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის:

არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ