„იმედის“ ცნობით, პარლამენტთან დაშავებული ჟურნალისტი კლინიკიდან უკვე გამოწერეს
29.04.2024

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებით, გუშინ პარლამენტთან, აქციის მიმდინარეობის დროს „ქრონიკის“ ჟურნალისტი დაშავდა. 

ტელევიზიის ცნობით, სამართალდამცველებმა ლინა პოღოსოვა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოღოსოვა კლინიკიდან უკვე გამოწერეს.  

„მიკროფონის დანახვისთანავე მათ დაიწყეს აგრესიული მომართვა და ძალადობრივი ქმედებები და გვაწვებოდნენ სპეციალურად და გვიყვიროდნენ, რომ ჩვენ ვართ მონები და რუსეთს ვემსახურებოდით, რა დროს ჩემმა ოპერატორმა გაწია კამერა იმისთვის, რომ მათი სახეები ეჩვენებინა. რა დროსაც მათ გვთხოვეს, რომ კამერა გაგვეწია და არ გადაგვეღო მათი სახეები. შემდგომ უკვე მე დავინახე პოლიტიკური ლიდერები და ვცდილობდი მათთან მისვლას, რა დროსაც ატყდა უფრო დიდი შემოძახილები და ვგრძნობდი, რომ სპეციალურად, მიზანმიმართულად ყელში მაწვებოდნენ იდაყვით და არ მიშვებდნენ, რომ მივსულიყავი ადგილამდე და ვინმე მაინც ჩამეწერა და გამეგო, რა ხდებოდა, იმიტო რო პირდაპირ ეთერში ვიყავით და ვგრძნობდი ასევე, ზეწოლას, გვერდებიდან მოჭერას და დამცინავ ტონს. პოლიციამ როდესაც პოლიციამ სკამზე დამსვა, მახსოვს ფაქტი, რომ წინ ჯებირი გამოარღვია ერთმა ადამიანმა და პოლიციას ეუბნებოდა, რო ვის იცავო, არ იციო, რას აშუქებსო. ანუ ის, რომ შეიძლება, გქონდეს განსაკუთრებული ან განსხვავებული აზრი, არის მათთვის მიუღებელი“, - ამბობს ჟურნალისტი „ქრონიკის“ ეთერში.

საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღე იმართება. 

 

საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების ერთობლივი აქცია გუშინ, 28 აპრილსაც გაიმართა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ