02.05.2024
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის 1 მაისის განცხადებით, „შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს“.
„მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის
მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს
მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ
დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს
ასრულებს.
ეს კანონი და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა
საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის
განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან,
რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც
არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას - რასაც
ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული
აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ - არსებითად
უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა
და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა“.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ძალადობას მშვიდობიანი
დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ,
რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ.
„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ
უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი
დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ,
რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი
შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ
ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა,
გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი,
რომელსაც მოქალაქეები ხელმეორედ დაინიცირების დღიდან აპროტესტებენ,
პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 30 აპრილსა და 1 მაისს
სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაარბია. შსს-ის წარმომადგენლები მოქალაქეების
წინააღმდეგ იყენებდნენ: ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის
ჭავლსა და რეზინის ტყვიებს. პრეცრაზმელები სცემდნენ და
აკავებდნენ აქციის მონაწილეებსაც.
დარბევის დროს, ორივე დღეს, დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში
უკანონოდ ხელი ეშლებოდათ მედიის წარმომადგენლებსაც.
განცხადების სანახავად გადადით ბმულზე.
განცხადების სანახავად გადადით ბმულზე.