საგამოძიებო სამსახურმა თავდასხმის ფაქტზე „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი გამოკითხა
08.05.2024


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორზე, გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ტელევიზიის თანამშრომლები გამოკითხა. გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარებულები იყვნენ მედიის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც მომხდარ ფაქტს შეესწრნენ.

საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს შვედეთის საელჩოსთან თავს გუშინ დაესხნენ. კლდიაშვილი ტელევიზიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

მედიამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება გუშინვე შეძლო. "ფორმულას" ინფორმაციით, ის რეზო ვაშაყმაძეა, რომელიც "ქართული ოცნების" შემომწირველთა სიაშიცაა. 

გუშინ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, რუსული კანონის საწინაღმდეგო აქციის დაწყებამდე. მიკროფონის წართმევა სცადეს “ტვ პირველის” ჟურნალისტისთვის. 

მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" გაავრცელა. ორგანიზაცია საგამოძიებო უწყებებს 7 მაისს თბილისსა  და თელავში ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიისა და  პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

"„ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანმიმდევრულად და სისტემურად ეწევა თავისუფალი და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას და ამგვარი მედიის ჟურნალისტებისა და რესპონდენტების საზოგადოების მტრებად და საფრთხედ წარმოჩენას ცდილობს. მაღალჩინოსნების მიერ საჯაროდ გამოხატული სიძულვილი ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ახალისებს, საგამოძიებო უწყებები კი დამნაშავეთა გამოვლენას და დასჯას არ ჩქარობენ", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე, გიორგი კლდიაშვილსა და პედაგოგ ლადო აფხაზავაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტებს საქართველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელი და მიუღებელია განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

"მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების  პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ