მედიაომბუდსმენი
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ ჟურნალისტების მიმართ
გამოვლენილი მუქარის, სისტემური დევნისა და პერსონალური მონაცემების
დამუშავების დარღვევის ფაქტები.
მედიაომბუდსმენმა შესაბამის უწყებებს „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ზურიაშვილისა და ამავე ორგანიზაციის მთავარი რედაქტორის, ნანა ბიგანიშვილის, TOK TV-ისდამფუძნებელისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ დღეს, 9 მაისს შეატყობინა.
„ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების დაშინების ტენდენცია უკიდურესად საშიშ ფორმებს იღებს. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ერთის მხრივ, ხელს უშლის ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში, მეორეს მხრივ, ქმნის რისკებს ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც კი“, - წერია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.
ბოლო დღეებია რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. დღეს, დილით კი საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან მათ სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები დახვდათ გაკრული.