QvemoQartli.ge: ქვემო ქართლში მომუშავე ჟურნალისტების ნაწილს უცნობი პირები ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ
10.05.2024


საინფორმაციო პორტალ QvemoQartli.ge-ის ინფორმაციით, უცნობი პირები ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ ქვემო ქართლში მომუშავე ჟურნალისტებს:

  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე, სათემო რადიო „მარნეული“-ს ჟურნალისტი
  • მანონ ბოკუჩავა, „ქვემო ქართლის მედია“ -ს ხელმძღვანელი
  • მარიკო წიქორიძე, ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW-ს დამფუძნებლი
  • თიკო დავაძე, სათემო რადიო „მარნეული“-ს ჟურნალისტი


„ქვემო ქართლში მედია მენეჯერების და ჟურნალისტების პირად ნომრებზე, შეურაცხმყოფელი ზარები განხორციელდა. უცნობი მოქალაქე, მათ და მათი ოჯახის წევრებს ურეკავდა. ჟურნალისტებს მოიხსენიებდა, როგორც სამშობლოს მოღალატეებს“, - წერია QvemoQartli.ge-ის განცხადებაში.

„ქვემო ქართლის მედიამ“ სატელეფონო ზარების გამო სახალხო დამცველის აპარატსა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს უკვე მიმართა.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან დარეკვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ზარზე პასუხისას მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. 

მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტის: ნინო ზურიაშვილის, ნანა ბიგანიშვილისა და ნათია კუპრაშვილის უფლებების დასაცავად „მედიაომბუდსმენმა“ შესაბამის უწყებებსაც: სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს მიმართა. 

მეორე დღეა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები და წარწერებიც ხვდებათ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ