18 საერთაშორისო ორგანიზაცია ირაკლი კობახიძეს მიმართავს, გაიწვიოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს
10.05.2024


"საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი" პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და პრესისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს. 

ოფიციალურ წერილში საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები და უფლებადამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ხელმეორედ ინიცირების, ძალადობრივი ქმედებების უეცარი ზრდისა და იმ შეზღუდვების გამო, რომლებსაც ქართველი ჟურნალისტები მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას აწყდებიან:

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ უკან კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის მრავალი დამოუკიდებელი მედიის არსებობას. ამასთან, მოვუწოდებთ მაღალჩინოსნებს, რომ გარანტირებული იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. სულ მცირე 20 მედიის წარმომადგენელი დაშავდა ფიზიკურად, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დააკავეს პროტესტების გაშუქების დროს".

წერილში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით ახლახანს მიიღო, ხელისუფლებას აძლევს მძლავრ ინსტრუმენტს დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციის, ზეწოლისა და საბოლოოდ გაჩუმებისთვის, რითაც საფრთხეს  პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას უქმნის. 

წერილის მიხედვით, კანონი არა მხოლოდ აიძულებს დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიწებონ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ იარლიყი, არამედ იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას, ჩაატარონ ამ ორგანიზაციების „საფუძვლიანი გამოძიება“ მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი განცხადების საფუძველზე: 

„იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, მოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მას ჩაერიოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას და შეარყიოს მათი დამკვირვებლის როლი".

წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ამ პერიოდში საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი ეშლებათ. 

„ჟურნალისტებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება. გადაწყვეტილება - ჟურნალისტებისთვის, ონლაინ გამოცემებისთვის პარლამენტში შესვლის აკრძალვის შესახებ, რომელიც კანონპროექტის საპარლამენტო დებატების დასაწყისშივე იქნა მიღებული, არის მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, ჟურნალისტები ვერ ახერხებენ თავიანთი სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებას თბილისის ქუჩებში პოლიციის ძალადობისა და დაშინების გამო, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.“

 

საქართველოს პრემირ მინისტრისადმი მიმართულ წერილს ხელს 18 საერთაშორისო ორგანიზაცია აწერს.

წერილის ლინკი:

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ