ნათია კუპრაშვილის მიმართ მუქარისა და სისტემური დევნის გამო გამოძიება დაიწყო
13.05.2024


TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის მუქარისა და სისტემური დევნის გამო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. 

ნათია კუპრაშვილის გამოკითხვა საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში მიმდინარეობს.

კუპრაშვილმა და „სტუდია მონიტორის“ სამმა ჟურნალისტმა: ნინო ზურიაშვილმა, ნანა ბიგანიშვილმა და მარი დუდუნიამ „მედიაომბუდსმენის“ დახმარებით სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს 9 მაისს მიმართა.

გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტები, თუმცა,  საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებაში მათაც დაიბარებენ. 

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) ბოლო დღეებია როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. მათ შორის უცხო პირები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ნათია კუპრაშვილსაც. 

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი წარწერები და პლაკატებიც დაუტოვეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“. მის დამფუძნებელს, ნინო ზურიაშვილს კი პირადი ავტომობილიც დაუზიანეს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ