ჯოზეფ ბორელის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაზე სამმა ტელეკომპანიამ იდენტური ქარდები გამოაქვეყნა.
„იმედის“, POSTV-ისა და „რუსთავი 2“-ის ფეისბუქის საკუთარ გვერდებზე გამოქვეყნებულ ჯოზეფ ბორელის ნათქვამთან დაკავშირებულ ქარდებზე ერთი და იგივე ტექსტია დატანილი.
„ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს
[გამჭვირვალობის ქართული კანონი] არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ
ისე სამწუხაროა“, - ვკითხულობთ სამივე ტელეკომპანიის ქარდზე.
აღსანიშნავია, ისიც რომ სამივე ტელევიზიამ „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ოთხკუთხედ ფრჩხილებში ერთნაირად -
„გამჭვირვალობის ქართულ კანონად“ განმარტა.
ტელეკომპანიების მიერ ამ ქარდების გამოქვეყნების დროებს შორის სხვაობა რამდენიმე [1 და 7] წუთია.
გუშინ, 27 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დაიწყეს იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში.
"მოსაზრებები გავცვალეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არც ისე მნიშვნელოვანია, სხვები ფიქრობენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იქვე ახსენეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი.
ჩვენ დავიწყეთ იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი, თუკი ეს კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ. წევრი სახელმწიფოები მზად არიან გადაწყვეტილებისთვის, როდესაც არ სრულდება ჩვენი ღირებულებები, საერთაშორისო სამართალი, არ სრულდება ევროპული გზა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, მსოფლიოში. ჩვენ ვიმსჯელეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველმა ხალხმა ქვეყნის ტრაექტორიას უნდა მისცეს ხმა. მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც სიამოვნებით იღებენ ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება არ მიგვიღია", - განაცხადა ბორელმა.
ჯოზეფ ბორელის განცხადების თარგმანი ეკუთვნის „რადიო თავისუფლებას“.