საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 29 მაისის მონაცემებით,
ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11.8%-მდე შემცირდა.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, ამ მაჩვენებელს პროსახელისუფლებო მედია საშუალებები: იმედი და POSTV მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, თითქოს, 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია.
"სინამდვილეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის რა ნაწილი იმყოფება აბსოლუტურ სიღარიბეში და არაფერს ამბობს ამ მაჩვენებლის საფუძვლებსა და მიზეზებზე. ნათელია, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია, თუმცა ზემოაღნიშნული მედიასაშუალებები სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ.
რეალურად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების წილი არა მხოლოდ ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევის, არამედ სხვა არაერთი ფაქტორის გამო შეიძლება მცირდებოდეს. მათ შორისაა, ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაცია; 2023 წელს, ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ - 163 000-ზე მეტმა ადამიანმა, დატოვა", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" განმარტავს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა არაერთ სხვა ფაქტორსაც ჰქონოდა, მათ შორის:
- სოციალური შემწეობითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით სარგებლობას
- ემიგრანტების გზავნილებზე დამოკიდებულებას
"სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობაზე საუბრისას, აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ ისეთი მაჩვენებლებიც, როგორიცაა ფარდობითი სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი. ამ ორი მონაცემის ანალიზისას ირკვევა, რომ 2023 წელს მდგომარეობა წინა წელთან შეფარებით არათუ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა, არამედ, გარკვეულ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც" - წერია განცხადებაში.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებით,
სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე
დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას
ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს შეუქმნიდა. რეალური რეფორმების
ნაცვლად, კი მთავრობა ინარჩუნებს სისტემას, რომელიც მოსახლეობას
სოციალურ გასაცემლებზე დამოკიდებულს ხდის და აგრძელებს ამ
დამოკიდებულებისა და, ზოგადად, სოციალური საკითხების პოლიტიკურ
ინსტრუმენტალიზებას.