დღეს, 4 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული
ოცნების“ ლგბტ უფლებების შემზღუდავი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
წარადგინა.
პაპუაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ერთ ძირითად „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პროექტს და 18 გამომდინარე კანონპროექტს მოიცავს.
19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი ლგბტ უფლებების გარდა, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ინიციატივით 8 საკითხი მოწესრიგდება, საიდანაც მე-6 სწორედ ინფორმაციის გავრცელებას ეხება. ეს ნაწილი მათ შორის მაუწყებლებს შეეხებათ და დაუშვებელი იქნება მათ მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
პაპუაშვილის თქმით, ეს აკრძალვა მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ რადგან მმართველ პარტიას ამჟამად საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ ხელისუფლება ახალ კანონსა და მისგან გამომდინარე ცვლილებებს დაამტკიცებს.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, 2024 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში, რომელიც 28 ივნისს იხურება, ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ და მიიღებენ. მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე კი, რომელიც 3 სექტემბერს გაიხსნება, მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ.
ამ ახალი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე ცვლილებების დაინიცირებამდე, "ქართულმა ოცნებამ" დაახლოებით 2 თვის წინ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დააინიცირა და თბილისის გარდა, საქართველოს 10 ქალაქში საყოველთაო-სახალხო განხილვებიც გამართა. ამ განხილვების საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, დედაქალაქში 16 მაისს მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ამით მუშაობა დაასრულა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ კომისიამ ყველა მასალა იურიდიულ საქმეთა კომიტეტს გადასცა, რომელიც უკვე საკონსტიტუციო პროცესს გააგრძელებს და იქნება საკომიტეტო და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვაც. პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციურ ცვლილებას კვალიფიციური უმრავლესობა - ხმების ¾ სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმების არ არსებობის მიუხედავად, ეს პროცესი მაინც დაიწყო.
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონის პროექტიც ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის პირველი მუხლის, მე-7 ნაწილით,
"აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული".
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, ხელისუფლებას ამ ცვლილებებით საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოების დაცვა სურს.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლებას ამ ცვლილებებით არა ოჯახისა და ეროვნული ღირებულებების, არამედ საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოების დაცვა სურს. ეს არის სახალხო მანდატის მოპოვების მცდელობა იმისათვის, რომ შემდეგ ძალაუფლება კიდევ უფრო მონოლითური გახადოს. ცვლილების შინაარსი მარტივია, ამ თემებზე პოზიტიური პერსპექტივიდან პოზიციის დაფიქსირება წერილობითი, ვიდეო, აუდიო თუ ვიზუალური ფორმით აკრძალული იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, მედია გააკეთებს ამას, რეჟისორი, მწერალი, მომღერალი თუ ჩვეულებრივი ტიკტოკერი. ეს არის ცენზურა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას სურს ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწეროს“, - ამბობს მენაბდე.
საკონსტიტუციო კანონპროექტით გათვალისწინებულ ცენზურის შესაძლებლობაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს "ქართული ოცნების" წევრებიც საუბრობდნენ. მაგალითად, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ფილმებიდან კონკრეტული ადგილების ამოჭრა არ გამორიცხეს.
„რეალურად ჩვენ შეგვიძლია, მოვთხოვოთ კანონის დონეზე, რომ ასეთი ნაწილები იქნას ამოჭრილი, რაც მხოლოდ პროპაგანდა და პოპულარიზაცია იქნება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ანრი ოხანაშვილის თქმით, კი "იქნება დავუშვათ ტელევიზიით კონკრეტული ნაწარმოები გაშვებული, აი ეს ნაწარმოები ემსახურება თუ არა პროპაგანდას, ეს იქნება შესაფასებელი…"
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები ძირითადად ჰომოფობიური შინაარსის გზავნილების ფონზე მიმდინარეობდა.
"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონის პროექტით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე "მედიაჩეკერთან" სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა ისაუბრა.
„ხელოვანისათვის ზოგადად რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესება, რაზე წეროს, როგორ წეროს, რა თემას შეეხოს და რა პრობლემა იკვლიოს, საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას. განსაკუთრებით სახიფათოა ცენზურა ხელისუფლების მხრიდან. არასრულწლოვნების ფსიქიკასთან რომ უკიდურესად ფაქიზი მოპყრობაა საჭირო, ეს ისედაც ცხადია და შვილები მშობლებმა უნდა დაიცვან ასაკთან შეუფერებელი კონტენტისგან და არა მთავრობამ“.
დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ცენზურად შეაფასა გოგი გვახარიამაც.
„ცხადია, ეს საბჭოთა წარსულში დაბრუნებაა. ისევ შესაძლებელი გახდება ფილმების დაჭრა, დასახიჩრება. ყველა ქვეყანაში ფილმების გაქირავებას აქვს ასაკობრივი ზღვარი. მესმის, რომ ბერტოლუჩის „მთვარე“ არ უნდა აჩვენო ბავშვებს, მაგრამ მოზრდილი ადამიანი ბავშვი არაა. ჩვენი ხელისუფლება კი ხალხს ეპყრობა, სწორედ, როგორც ბავშვებს, რომელთა მოტყუება არაა ძნელი".
კინომცოდნის აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ აიკრძალება ყველა ფილმი, რომელშიც მაგალითად, ინცესტის თემა იკვეთება:
"ბერტოლუჩის „მთვარე“ ანდა ლუკინო ვისკონტის „ღმერთების დაღუპვა“. მადა ჭამაში მოდის და „ოიდიპოს მეფეც“ შეიძლება დაიჩაგროს. რაც შეეხება სქესის შეცვლას, შესანიშნავი ბელგიური ფილმია „გოგონა“, არასრულწლოვანზე, რომელიც სქესს იცვლის. ამ ფილმის არა თუ ჩვენებისთვის, ხსენებისთვისაც კი დავისჯებით“.
ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა კი დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება "მედიაჩეკერთან" საუბრისას ასე შეაფასა: “ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ჩანაწერი ზღუდავს მედიის და გამოხატვის თავისუფლებას. უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შესაძლოა, მონიშნოთ როგორც “პროპაგანდა”, რაც მედიის საქმიანობაში/შინაარსში გაუმართლებელი ჩარევისა და შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს".
აღსანიშნავია, რომ პროსახელისუფლებო სატელევიზიო მედია ამ თემას ჰომოფობიური შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებამდეც აქტიურად აშუქებდა. ამის საილუსტრაციოდ, მაგალითად, ტელეკომპანია “იმედის” ვებგვერდზე ე.წ. თაგით - “ლგბტ პროპაგანდა” [სწორედ ასე მოიხსენიებენ ამ კანონს] 2024 წლის 26 თებერვლიდან 26 მარტამდე პერიოდში 37 მასალა იძებნება. "პირველი არხის" ვებგვერდზე კი დროის იმავე მონაკვეთში 20 მასალა გვხვდება, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობაც "ქართული ოცნების" წევრთა განცხადებებია.
"მედიაჩეკერმა" შესადარებლად დროის იგივე მონაკვეთის მონაცემები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ვებგვერდებზეც მოიძია. აღსანიშნავია, რომ “მთავარი არხის” ვებგვერდზე ამ ე.წ. თაგით არცერთი მასალა არ იძებნება, ტელეკომპანია “ფორმულას" გვერდზე კი მხოლოდ - 2.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მსგავსად, რუსეთში "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი ჰომოფობიური კანონიც არსებობს.
წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რუსეთიდან გაქცეული თეატრისა და კინოს რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის ფილმის - „ლიმონოვი: ბალადას“ ჩვენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს ასევე რუსეთიდან გამოქცეულმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსული კანონის“ გამო ეს ფილმი რუსეთის კინოს ეკრანებზე ნაჩვენები ვერ იქნება. „ლიმონოვი: ბალადა" რუსი მწერლისა და პოლიტიკოსის, ედუარდ ლიმონოვის ცხოვრების ერთ პერიოდს ასახავს, რაც მთავარი გმირის ჰომოსექსუალური ურთიერთობის გამოცდილებასაც გულისხმობს.
ჟურნალისტმა „რუსულ კანონში“ 2013 წელს მიღებული „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისგან“ არასრულწლოვნების დაცვის შესახებ კანონი იგულისხმა. საბოლოოდ, რუსეთში ამ კანონმა ისეთი სახე მიიღო, რომ დღეს გაყიდვიდან და გაქირავებიდან ამოღებულია, თითქმის, ყველა ის ფილმი, წიგნი, სპექტაკლი და სხვა ნაწარმოები, რომელიც პუტინის რეჟიმის მიერ „ლგბტ პროპაგანდად“ არის შეფასებული.