რატომ წაშალა მედიამ ბუდუ ზივზივაძის ქარდები
07.06.2024


5 ივნისს ონლაინ მედიამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრის, ბუდუ ზივზივაძის „ჯაფარას პოდკასტში" ნათქვამთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქარდი გაავრცელა. 

„ჯაფარას პოდკასტში“ სტუმრობისას ზივზივაძემ სხვა საკითხებთან ერთად „სპორტსა და პოლიტიკაზეც“ ისაუბრა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებით გამოყენება შეაფასა. 

მოგვიანებით, ზოგიერთმა ონლაინ მედიასაშუალებამ სოციალური ქსელებიდან ფეხბურთელის სიტყვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ქარდები წაშალა და განმარტება გაავრცელა. 



ზივზივაძესთან ინტერვიუს შესაბამისი ნაწილი წარწერით - "მონაკვეთი ამოღებულია სტუმრის თხოვნით“ ამოიჭრა „ჯაფარას პოდკასტიდანაც“.


მედიის არჩევანი - რატომ წაშალა და დატოვა მედიამ ზივზივაძის ქარდები 


"ტაბულა" ერთ-ერთი ის მედიასაშუალებაა, რომელმაც ფეხბურთელის ციტატა საკუთარი გვერდიდან წაშალა. გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ლევან სუთიძემ  ეს გადაწყვეტილება "მედიაჩეკერთან" ასე განმარტა:

„პირველ რიგში, წაშლის გადაწყვეტილება არ მიგვიღია ვალდებულების განცდით. გაშუქება იყო სრულიად ლეგიტმური. საპირისპიროს არც ციტატის ავტორი ამტკიცებდა.

ჩვენ მას კეთილსინდისიერად განვუმარტეთ, რომ სოციალური მედიიდან პოპულარული პოსტის წაშლა ამბის მიმართ მხოლოდ მეტი ყურადღების მობილიზებას იწვევს. ასევე ისიც, რომ წაშლა მხოლოდ სიმბოლური აქტია - ქარდი ჩამოწერილი და გაზიარებული ჰქონდა მრავალ ადამიანს.

წაშლის გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ ამ განმარტებების მიცემის და, ასევე, მას მერე, რაც ბუდუ ზივზივაძისგან მივიღეთ ნებართვა, რომ "ტაბულას" მკითხველი ინფორმირებული იქნებოდა წაშლის მიზეზების შესახებ. ჩვენ წაშლიდან რამდენიმე წუთში გამოვაქვეყნეთ განმარტება, რომელიც თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით საზოგადოებისთვის ინფორმირებისთვის არანაკლები მნიშვნელობის დინამიკას აჩვენებდა.

არსებობდა ორი საჯარო ინტერესი - მათგან ერთი იყო ევროპის ჩემპიონატი, რასაც თავად ბუდუ ზივზივაძე ასახელებდა თხოვნის მიზეზად. ჩვენ ამ ინტერესის დაცვაც ვცადეთ.

საბოლოოდ საზოგადოება მეტად ინფორმირებული დარჩა,“ - განაცხადა სუთიძემ.

ბუდუ ზივზივაძის სიტყვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ქარდი წაშალა „პუბლიკამაც“. გამოცემის დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის თქმით, მედიასაშუალებამ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელის თხოვნის საფუძველზე მიიღო. 

„წაშლის გადაწყვეტილების საფუძველი თავად ფეხბურთელის თხოვნა გახდა. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს საჯარო და ფეხბურთელის პირადი ინტერესი დავუპირისპირეთ და გადაწყვეტილება ისე მივიღეთ. უბრალოდ, როდესაც ადამიანი თვითონვე გამოხატავს სურვილს, რომ თავისივე ნათქვამი არ იყოს გავრცელებული და ეს ადამიანი, ამ დროს, არ არის პოლიტიკოსი და არც ისეთი ფიგურა, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თემატიკასთან, ჩავთვალეთ, რომ მისი თხოვნის გათვალისწინება შეგვეძლო.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით თავად ფეხბურთელისთვის რაიმე კრახი მოხდა. თუ  მისი მიზანი იყო, რომ ეს ციტატები და ინფორმაცია გამქრალიყო ინტერნეტსივრციდან, ეს შეუძლებელია. ჩვენ, უბრალოდ, გავითვალისწინეთ მისი ინტერესი. არ ვფიქრობ, რომ მისი და საჯარო ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდებოდეს. ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ ფეხბურთელის ინტერესზე,“ - აღნიშნა ვარდიაშვილმა.

იმ მედიასაშუალებებს შორის, რომლებსაც ზივზივაძის სიტყვები არ წაშალეს, არის „ნეტგაზეთი“. გამოცემის მთავარი რედაქტორის, ნესტან ცეცხლაძის განმარტებით, კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით "ნეტგაზეთს" საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა და მათი ეს გადაწყვეტილებაც ამ პრინციპს ეფუძნება. 

„ჩვენთვის უშუალოდ ბუდუს არ მოუმართავს. ჩვენ მოგვმართმა ბუდუს დამ, მაგრამ ოჯახის წევრი ამ შემთხვევაში ჩვენთვის არ არის არგუმენტი. კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ და ამ პრინციპს ეფუძვნება ჩვენი გადაწყვეტილებაც.

ფეხბურთელის ინტერესი ჩვენთვის არ ყოფილა ცხადი, რა არგუმენტით სურდა მას წაშლა. როგორც გითხარით, ჩვენი რედაქციისთვის უშუალოდ ბუდუს არ მოუმართავს. ჩვენი სარედაქციო წესებითა და პოლიტიკით, კონტენტს ვშლით იმ შემთვევაში, თუ ეს კონტენტი არასწორია, მყისიერ საფრთხეს უქმნის ამა თუ იმ ადამიანს და ა.შ. მაგრამ ამის შემდეგაც, წესის მიხედვით, რადგან ანგარიშვალდებული ვართ ჩვენი მკითხველისა და აუდიტორიის წინაშე, ვაკეთებთ განმარტებას, თუ რატომ წაიშალა აღნიშნული კონტენტი. 

ამის გამოცდილება გვაქვს და თუკი საჭიროება დადგება ნებისმიერ ადამიანთან ან კონტენტთან დაკავშირებით, ამ წესებით ვხელმძღვანელობთ. ანალოგიურად იქნებოდა ბუდუს შემთხვევაშიც - განვიხილავდით რა არგუმენტი ჰქონდა, რამდენად საკმარისი იქნებოდა ჩვენთვის, რომ მიგვეღო წაშლის გადაწყვეტილება და შემდეგ ამაზე ჩვენი მკითველი, რომლისთვისაც ვმუშაობთ, ჩაგვეყენებინა საქმის კურსში,“ - უთხრა "მედიაჩეკერს" ცეცხლაძემ.


კონტენტის წაშლის და არ წაშლის სტანდარტი - მედიაექსპერტების შეფასება


ზვიად ქორიძის შეფასებით, ონლაინ მედიის სტანდარტი, რომ მას რაც აღარ მოუნდება, გაანადგუროს, პრინციპულად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რესპოდენტს თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი, რომ ის გააქროს.

„თუ მე ვაქვეყნებ ინტერვიუს და ამ ინტერვიუში დავუშვი შეცდომა, ვალდებული ვარ, შეცდომა გავასწორო და მივუთითო, რატომ ვასწორებ და რა ტიპის შეცდომა დავუშვი. მკითხველს აქვს იმის უფლება, იცოდეს ეს ინფორმაცია და არა რესპოდენტს. რესპოდენტმა თავისი სამუშაო დაასრულა მაშინ, როცა მან ინტერვიუ მისცა. ამის შემდეგ მას ამ ინტერვიუზე წვდომის უფლება არ აქვს“.

ქორიძის თქმით, თუ ჩვენ ამ მიდგომას წავახალისებთ, ამით ხელს შევუწყობთ იმ მახინჯ ზომასა თუ სტანდარტს, რომ როცა ვიღაცას ინტერვიუ არ მოუნდება, ის წაგვაშლევინოს.

„ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს განცხადება, მაგრამ იძულებით ვერავინ აიღებდა ინტერვიუს ბუდუ ზივზივაძესგან და მან თავისი მოსაზრება ღიად გამოთქვა.

ინტერვიუს გამოქვეყნებამდე და არც შემდეგაც, მას არ ჰქონია პროტესტი. ბუნებრივია, საზოგადოების რეაქცია ამ ინტერვიუს მიმართ იქნებოდა, ეს გარდაუვალია, რადგან თემები, მოსაზრებები შეეხებოდა ძალიან აქტუალურ საზოგადოებრივ საკითებს, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ერთობა ქვეყანაში არ არის, ამიტომ ვიღაცას ეს ინტერვიუ ძალიან მოეწონებოდა, ვიღაცას ძალიან არ მოეწონებოდა.

აქ ვითარების განმუხტვის მექანიზმი არ არის აღნიშნული ინტერვიუს გაქრობა. მას ვერ გააქრობ. ვინაიდან ის გავიდა საჯარო სივრცეში, ის ხდება საზოგადოების საკუთრება."

როგორც მედიაექსპერტი „მედიაჩეკერთან საუბრისას“ ამბობს, თუ რა მოჰყვებოდა ბუდუ ზივზივაძის კომენტარს, ყველაზე კარგად თავად ფეხბურთელმა იცოდა და ის ამ კომენტარს არ გააკეთებდა, მას რომ ეს არ ნდომოდა.

„შემდეგ, როდესაც ვიღაც შეწუხდა და ჩაერია ამ საქმეში, ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ეს რეპლიკა და გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ინტერვიუ გამქრალიყო. აქ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ ვანხორციელებთ ცენზურას. მათ შორის, თუ ბუდუ პირადად უკავშირდება და ეუბნება, რომ ეს ინტერვიუ აიღე, მას ეს უფლება არ აქვს, ვინაიდან მან ეს ინტერვიუ უკვე მისცა და ეს არის მედიის და მომხმარებელი უფლებამოსილია, ეს ინტერვიუ ნახოს…ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ვინაიდან ასე, შეიძლება, ხვალ რომელიმე ონლაინ მედიასაშუალებამ ინტერვიუ ჩაწეროს პრემიერთან ან პარლამენტის თავმჯდომარესთან, შემდეგ მივიდეს პარლამენტის თავმჯდომარე და თქვას, რომ ეს ინტერვიუ, რომელიც მან მისცა, არის რეზონანსული, საზოგადოებრივი რეაქციები ისეთია, რომელიც მას არ მოსწონს და მოდი, ავიღოთ ეს ინტერვიუ და შენც აიღებ ამ ინტერვიუს. ამ შემთხვევაში, რა პოზიცია უკავია ამ ადამიანს, რა მნიშვნელობა აქვს. ის საჯარო ადამიანია, მან თავისი მოსაზრება გამოთქვა“.

ქორიძის თქმით, მან ვერსად ვერ ნახა ბუდუ ზიბზივაძის მკაფიოდ გამოხატული ნება, რომ მას სურდა, რომ ეს ინტერვიუ აღებული ყოფილიყო და თუ მან ამ ინტერვიუს აღება მოითხოვა, მაშინ სად არის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

„თუ ბუდუ ამას სხვა გარემოებების გამო ითხოვს, მაშინ ეს არის დამატებითი საფუძვლები იმისა, რომ ჟურნალისტმა კვლევა და გამოძიება ჩაატაროს, რაშია საქმე და როგორ შეიძლება ადამიანი იდევნებოდეს მისი თავისუფალი მოსაზრების გამო…მე ჩვენს პროფესიულ ვალდებულებებზე ვსაუბრობ. ჟურნალისტმა არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გამოამჟღავნოს მომხმარებლის, აუდიტორიის მიმართ, რომლისთვისაც მან ინტერვიუ აიღო და შემდეგ გააქრო. ანუ, მან ჩათვალა, რომ სამუშაო, რომელიც გასწია მომხმარებლების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, შემდეგ ეს ინტერესები სრულიად უგულვებელჰყო, სრული იგნორირება გაუკეთა აუდიტორიის ამ სურვილებს და დაუმალა მათ ეს ინტერვიუ. ეს არ არის ჟურნალისტური სტანდარტი“.

მედიაექსპერტის შეფასებით, ის ჟურნალისტისა და რედაქტორის პროფესიულ საქმიანობას განიხილავს და მიმაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება აუდიტორიის მიმართ არ შეიძლება.

„ეს არის ინტერვიუ, რომელიც ამ ადამიანმა აბსოლუტურად საღ გონებაზე, საღი გადაწყვეტილებით მისცა ჟურნალისტს და მას არ აქვს არავითარი უფლება ეს ინტერვიუ გააქროს. ეს რომ არ იყოს საჯარო პირი და არასაჯარო პირის რაიმე კომენტარი იყოს ჩაწერილი, მაშინ შეიძლება, სხვადასხვა კრიტერიუმით ვიხელმძღვანელოთ“.

მედიის ექსპერტი, ნინო დანელია კი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან ცენზურის გამოყენებაზე ამახვილებს. 

„მთავარი ამბავი ისაა, რომ ჩვენი ფეხბურთელები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, უნდა სარგებლობდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით და ცხადია, უნდა იცხოვროს ქვეყანაში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია და სრულიად დაუშვებელია ცენზურა, არა თუ სიმართლის და მართალი სიტყვის, რაც ბუდუს შემთხვევაში იყო, არამედ სრულიად მიუღებელი აზრისაც კი.

ის რაც ახლა მოხდა, არის უბრალოდ კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი იმის, რომ სახელმწიფო იყენებს ცენზურას. ამ შემთხვევაში, ეს ცენზურა სრულიად უკანონოა და არღვევს მედიის თავისუფლებასაც და მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებასაც - თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი“.

როგორც დანელიამ აღნიშნა, ეთიკა არის ისეთი წესებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომელთა დაცვის შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და თითოეულმა მედიაორგანიზაციამ გადაწყვეტილება სწორედ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რაც პროფესიაში არსებობს და რა კონტექსტშიც უწევს ამა თუ იმ მედიაორგანიზაციას მუშაობა, თავად უნდა მიიღოს. 

„ჩვენ თუ შევხედავთ, როგორია ჩვენი მუშაობის კონტექსტი, აქვე შეგვიძლია, გავიხსენოთ პრინციპი - არ ავნო, რომელიც მედიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს წინ აქვთ მატჩი და მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატი, ეს კონტექსტიც გასათვალისწინებელია".

მედიაექსპერტის თქმით, ბოლო თამაშმა ანახა, რომ მთელი ქვეყანა ერთ გუნდად გადაიქცა და ეს იყო ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. დანელიას შეფასებით, ამ თამაშსა და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას პოლიტიკურ-სპორტული კონტექსტი მიეცა.

"იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ადამიანს წინ აქვს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, ძალიან ლოგიკური მგონია, რომ რიგმა მედია ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, აეღოთ მისი თხოვნის შემდეგ ინტერვიუს ეს ნაწილი.

ასევე, ძალიან კარგად მესმის იმ მედიის გადაწყვეტილება, რომელმაც ეს არ გააკეთა. როდესაც ადამიანი არის საჯარო პირი, საზოგადოებრივი ინტერესი მის მიმართ ძალიან მაღალია. მითუმეტეს, მან თქვა ისეთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

სწორედ ამ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მედია ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ არ აეღო უკვე ნათქვამი და რასაკვირველია, ეს არ არის ეთიკის ნორმების დარღვევა.

რომ შევაჯამოთ, აქ არის ორი პრინციპის ერთობლიობა. მედიაორგანიზაცია რომელს მიანიჭებს უპირატესობას, იმის მიხედვით მიიღებს სარედაქციო გადაწყვეტილებას და ორივე შემთხვევა აბსოლიტურად მისაღებია პროფესიულადაც და პრინციპიდან გამომდინარეც,“ - აღნიშნა ნინო დანელიამ "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო წესებით, ონლაინ მედიამ მასალა უნდა წაშალოს:


  • მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს.
  • მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს.
  • მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
  • თუკი მომდევნო დღეებში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რაც არსობრივად ცვლის წინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, უმჯობესია ცალკე მომზადდეს ახალი მასალა, უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში კი ცხადად მიეთითოს ბმული და გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ.

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ