„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ლგბტ
უფლებების გარდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც
ითვალისწინებს.
19 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიურომ ოფიციალურად ორშაბათს, 10 ივნისს დაარეგისტრირა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მისი პირველი მოსმენით მიღება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ანუ 28 ივნისამდე იგეგმება, მეორე და მესამე მოსმენით კი საშემოდგომო სესიაზე [3 სექტემბერს იხსნება] მიიღებენ.
მმართველი პარტიის
საკანონმდებლო პაკეტი ერთი ძირითადი კანონპროექტისა და მისგან
გამომდინარე 18 მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებებისგან შედგება.
რა
ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს საკანონმდებლო
პაკეტი?
ძირითადი კანონპროექტი ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ 13 მუხლისგან
შედგება და 11 საკითხს, მათ შორის ინფორმაციის გავრცელებას
არეგულირებს.
მუხლი 8. ინფორმაციის გავრცელება
1. „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის
ეთერში განთავსების შემთხვევაზე მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ
არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს
შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის
ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება.
ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება,
თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ
ახორციელებდა“.
2. „დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
3. „დაუშვებელია ისეთი რეკლამის
გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური
სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე
ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის
ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ
აკრძალვის დარღვევა სუბიექტს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი
რეკლამის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა“.
ცვლილებები
უკვე მოქმედ კანონებში
ძირითადი
კანონპროექტის მე-8 მუხლიდან გამომდინარე ცვლილებები
შევა „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის
შესახებ“ საქართველოს კანონებსა და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16
მუხლის [შინაარსობრივი ვალდებულებები] პირველ პუნქტს დაემატება
"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის
მე-8 მუხლის 1-ელი ნაწილი, რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებული
ჩანაწერი 63-ე მუხლს დაემატება. ამ კანონით გათვალისწინებული
მოთხოვნების დასაცავად კი 59² მუხლი გაჩნდება.
ჯარიმები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი
ცვლილებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის
შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის
ჯარიმებსაც ითვალისწინებს.
კანონით აკრძალული რეკლამის გავრცელება "გამოიწვევს
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით,
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა −
2 500 ლარის ოდენობით,
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“.
ინფორმაციის გავრცელება კი -
"გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული
პირისა − 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის
საგნის კონფისკაციით".
საქართველოს საკანონმდებლო ბაზით ნებისმიერი ტიპის
სქესობრივი სცენების მაუწყებლის ეთერით გადაცემის უკვე რეგულირებაზე
ამახვილებს ყურადღებას „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ტელეკომპანია
„მთავარი არხის“ იურისტი, თამთა
მურადაშვილი.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსსა“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ დეტალურად გაწერილი წესები და სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ნებისმიერი ტიპის სქესობრივი სცენის ეთერით გადაცემას არეგულირებს და პრაქტიკულად შეუძლებელიცაა ნებისმიერი ინტიმური კავშირის სცენების გადაცემა და ეს ცხადია, ემსახურება არასრულწლოვანთა დაცვას და მაუწყებლები ამ კანონებს იცავენ.
მაგრამ, პარლამენტი თავად აკეთებს აქცენტს
კონკრეტულად ერთსქესიანთა ინტიმური კავშირისა და ინცესტის სცენაზე და
თანაც, ამას ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის სახელს
არქმევს. ამიტომ, რჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის ამ ინიციატივას
პოპულისტური ხასიათი აქვს, თითქოს, ისინი ოჯახის ფასეულობების
დამცველები არიან.
რომელ არხზე ნახა პარლამენტმა მსგავსი სცენები ან პოპულარიზაცია?
რა საჭიროება დაინახა? ვერ ვიხსენებ მაუწყებელს, რომელიც მსგავსი
სახის პროდუქციას უშვებს ეთერში, რადგან საქართველოში მოქმედი
კანონები ისედაც არეგულირებენ ნებისმიერი ინტიმიური სცენების ეთერით
გადაცემას“.
კანონპროექტისა და მისი დაანონსების რუსულ სტილზე საუბრობს
მედია „აპრილის" თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე.
„მთლიანად, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ეს თუ საკანონმდებლო პაკეტი, მიმართულია ერთი მხრივ სიძულვილის გაღვივებისკენ და მეორე მხრივ, ალბათ, გათვლა არის, რომ უფრო მეტად შეიზღუდოს თემი, მედია და ამით ცდილობენ, რაღაც ქულების დაწერას წინასაარჩევნოდ.
კანონში ჩანაწერი ეხება მაუწყებლებს და ჩემთვის ამ
ეტაპზე ცოტა გაუგებარია, კონკრეტულად რა ფორმით უნდა მოხდეს ამ
სცენების ამოღება თუ დაფარვა, არ ჩანს და ალბათ, ამ ნაწილს შემდეგ
დაამატებენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ამ ჩანაწერის
შედეგად, ჩვენ მივიღებთ დაცენზურებულ ფილმებს, სერიალებს, გადაცემებს
და ლიტერატურას. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ნაწარმოებს შეეხება ეს
ჩანაწერი და იქნება ჩვეულებრივი ცენზურა, როგორც ეს იყო და არის
რუსეთში"
ხატია ღოღობერიძის თქმით, ეს კანონი ლგბტ თემსა და მათი
გაშუქების საკითხს ცალკე გამოყოფს.
„თუ კანონის მიზანია, დაიცვას არასრულწლოვნები, მაშინ მე
მიჩნდება კითხვა - რა საჭიროა კანონში სექსუალური ორიენტაციის
მითითება. ანუ, თუ ბავშვებს არ ვაჩვენებთ ინტიმურ ურთიერთობებს, არ
ვაჩვენებთ მაგალითად, ქვიარ წყვილისას და ვაჩვენებთ ჰეტეროსექსუალი
წყვილისას? ანუ, ჰეტეროსექსუალი წყვილის ინტიმური ურთიერთობების
ჩვენება ნორმალურია?
„აპრილის“ თავმჯდომარის განმარტებით, Კანონში უკვე არსებული
ჩანაწერით არასრულწლოვნებს ინტიმური ურთიერთობების სცენებთან ხელი
ისედაც არ მიუწვდებათ და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ცვლილებების
პროექტს გადახედავს, დარწმუნდება, რომ ეს პირდაპირ ლგბტ თემის
უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება და მედიას ცენზურას
უწესებს.
„ინტიმურ ურთიერთობაში გულისხმობენ სექსუალურ ურთიერთობას, თუ
გულისხმობენ მაგალითად, კოცნას? Როგორ გამიჯნოს ეს მედიამ? ძალიან
ბუნდოვანია ეს ჩანაწერი. შესაბამისად, კანონის აღმასრულებელს ძალიან
ფართო უფლებამოსილებებს აძლევს, რომ განმარტოს ისე, როგორც მას
კონკრეტულ შემთხვევაში მოესურვება და გაზარდოს ტვირთი, რომელიც მედიას
ისედაც აქვს რუსული კანონიდან და იმ წნეხიდან გამომდინარე, რომელსაც
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იღებენ“, - ამბობს ღოღობერიძე
"მედიაჩეკერთან" საუბრისას.
TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა
ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის
შეფასებით, ეს Მორიგი პრობლემური კანონია და თუ დავაკვირდებით, ბოლო
პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ყველა ცვლილება
შინაარსობრივ რეგულაციასა და ჯარიმას ითვალისწინებს.
„ეს არ არის პრობლემური კანონი მხოლოდ მედიასთან დაკავშირებით. ის თავისუფლად ვრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც შეიძლება პირდაპირი კომუნიკაციის დროს რამე ისეთი გააზიაროს, რაც ძალიან ბუნდოვანია ჩანაწერების დონეზე. რას ნიშნავს ვთქვათ, ერთი სქესის ადამიანებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენა ან რაიმე ტიპის პოპულარიზაცია…მაგალითად, ძალიან მიყვარს ენძელა მაჭავარიანის ფოტო ცისარტყელის ქოლგით. ამ ფოტოს გაზიარებისთვის პირდაპირ კომუნიკაციაში ფიზიკურ პირებს შეიძლება დაეკისროთ ჯარიმა. ასევე, ასეთი შინაარსის გაზიარებისას მედია შეიძლება დასანქცირდეს. ლამის ცისარტყელა გახდეს პრობლემური კადრში, ისეთი ტიპის ჩანაწერია. Შესაბამისად, ეს მედიისთვის და არამხოლოდ მედიისთვის პირდაპირ ცენზურის დაკანონებაა“.
ნათია კუპრაშვილი კანონპროექტის იმ ჩანაწერზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელი კანონს არ არღვევს, თუ მას შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივი კონტროლი არ აქვს.
„როგორი ტიპის ინტიმური სცენა შეძლება, არსებობდეს პირდაპირ ეთერში, ვერ გეტყვით. თითქოს, დიდი შეღავათია მედიისთვის, რომ მაგ ნაწილში არ ასანქცირებენ“.
TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა
ალიანსის“ დირექტორის შეფასებით: „ეს უკვე ნიშნავს, თუ
რამდენად რეპრესიული ხდება ზოგადად კანონმდებლობა მედიის
მიმართ. აღარაფერს ვამბობ რუსულ კანონზე, რომელიც ასევე
მიღებულია და თითოეულ მედიასაშუალებას 20 დღის ინტერვალით 55 000
ლარიანი ჯარიმით ემუქრება მარტო იმიტომ, რომ აგენტისა და უცხო ძალის
ინტერესების გამტარებლის სახელს არ დაირქმევს“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის,
თამთა
მიქელაძის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა
თავისი ლოგიკით ფაშისტური შინაარსისაა და ლგბტ ადამიანების მიმართ
მტრულ სამართლებრივ მოწესრიგებას ქმნის, რომელიც მათთვის საბაზისო,
პირად, ოჯახურ და პოლიტიკურ უფლებებს აუქმებს.
„თუმცა,ამ კანონის გავლენა არ
აისახება მხოლოდ ლგბტ ადამიანებზე.მას მძიმე გავლენა ექნება შეკრებისა და
გამოხატვის თავისუფლებასა და აკადემიურ თავისუფლებაზე, რადგან ის
ძალიან ფართო კონცეფციებით, გამოხატვის შინაარსობრივ ჩარევასა და
რეგულირებას ახდენს.
ის ერთი მხრივ, შემოიტანს ისეთ ბუნდოვან ტერმინებს, როგორიცაა:
პოპულარიზაცია ან პროპაგანდა და ერთსქესიანთა ცხოვრება. შინაარსი თუ
რა შეიძლება გავიგოთ ამ ტერმინების უკან, Ძალიან
ბუნდოვანია“.
როგორც თამთა მიქელაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, ამ
ცვლილებებით გათვალისწინებული სეკუნდები, რომელიც რეკლამის,
მაუწყებლის, შეკრების თავისუფლების, განათლებასთან დაკავშირებული
ნორმების მოწესრიგებას ეხება, ცენზურის აკრძალვის კონსტიტუციურ
პრინციპს მკვეთრად ეწინააღმდეგება.
„საკანონმდებლო ნორმების განხილვის დროს საუბარი იყო იმაზე, რომ
მოხდება მონიტორინგი და შესაბამის მედიასაშუალებებს დაევალებათ
ამგვარი გამოხატვის აკრძალვა და არგაშვება, რაც მთელი რიგი ფილმების,
ტექსტებისა თუ სხვადასხვა ტიპის შინაარსების აკრძალვას გამოიწვევს და
მისი გავრცელების შემთხვევაში, კანონი სხვადასხვა სუბიექტისთვის
სამართლებრივ პასუხისმგებლობებსაც ითვალისწინებს. პასუხისმგებლობის ეს
მასშტაბიც საკმაოდ მძიმე და რეპრესიულია. ცხადია, რომ გამოხატვის
თავისუფლებისთვის ამგვარი პასუხისმგებლობების დაკისრება, რომელიც
მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს და ქმედების განმეორების პირობებში, მის
კრიმინალიზებას უშვებს, გაუმართლებელი და მასში არაპროპორციული
ჩარევაა.
ამ კანონს მედიისთვის ნადვილად ექნება ცენზურის ფუნქცია, რომელიც
მთავრობას მთელ რიგ შინააარსებზე თვითნებური ჩარევისა და მძიმე
რეაგირების ბერკეტებს აძლევს. სწორედ ამის გამო, მნიშვნელოვანია
ითქვას, რომ ის ხელისუფლების მხრიდან შინაარსის კონტროლისა და
ცენზურის დაწესების ტოტალიტარულ ინსტიქტებს
აჩვენებს".
კონსტიტუციური
ცვლილებები
ამ ახალი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე ცვლილებების
დაინიციირებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 2 თვის წინ
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ
ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციური
კანონპროექტები დააინიიცირა და
თბილისის გარდა, საქართველოს 10 ქალაქში საყოველთაო-სახალხო
განხილვებიც გამართა.
ამ განხილვების საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, დედაქალაქში 16 მაისს მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ამით მუშაობა დაასრულა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ კომისიამ ყველა მასალა იურიდიულ საქმეთა კომიტეტს გადასცა, რომელიც უკვე საკონსტიტუციო პროცესს გააგრძელებს და იქნება საკომიტეტო და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვაც.
პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციურ ცვლილებას კვალიფიციური უმრავლესობა - ხმების ¾ სჭირდება. აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმების არ არსებობის მიუხედავად, ეს პროცესი მაინც დაიწყო.
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას „ოჯახურ
ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური
კანონის პროექტიც ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის
პირველი მუხლის, მე-7 ნაწილით „აკრძალულია იმგვარი
შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება,
რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის,
ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ
არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის
შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით
განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის
მიმართული“.
რუსული
გამოცდილება
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონის მსგავსად, რუსეთში „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავი ჰომოფობიური
კანონიც არსებობს.
2013 წელს მიღებულმა „არატრადიციული სექსუალური
ურთიერთობების პროპაგანდისგან“ არასრულწლოვნების დაცვის შესახებ
კანონმა რუსეთში საბოლოოდ ისეთი სახე მიიღო, რომ აკრძალვა
შეეხო ყველაფერს: სოციალურ ქსელებს, მედიას, კინოს, რეკლამას და
დაწესდა ცენზურა.
ვენეციის კომისიამ რუსეთში, უკრაინასა და მოლდოვაში
მიღებული მსგავსი კანონები „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის
შესახებ“ 2013 წელს ერთობლივად განიხილა და სისტემურ სამართლებრივ
ხარვეზებზეც მიუთითა.