იაკობაშვილი, სტურუა და ოსიპოვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვე საბჭოს წევრები მეორედ გახდნენ
27.06.2024


საქართველოს პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. "საქართველოს სახალხო დამცველის" წარდგინებით "პირველი არხის" მეურვე ისევ იზაბელა ოსიპოვა იქნება, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს" მიერ შერჩეული საბჭოს წევრი სოსო სტურუა გახდა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეურვე უკვე მეორედ გიორგი იაკობაშვილი იქნება. პარლამენტმა სამივე მათგანს მხარი 80-80 ხმით დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვე საბჭოს წევრი" ერთხელ უკვე იყო

გიორგი იაკობაშვილი 2010 წლიდან საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. ის "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი პირველას 2017-2020 წლებში იყო. 

"მედიის განვითარების ფონდის" ინფორმაციის მიხედვით, For.ge-ის პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა აქვს და ამასთანავე, სხვა გამოცემებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის ინააღმდეგ და ასევე, სხვა არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული.

სოსო სტურუაროფესიით ჟურნალისტია. ის 1993 წლიდან აჭარის ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2019-2023 წლებში კი "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. სწორედ მისი წევრობის პერიოდში აირჩიეს გენერალურ დირექტორად გიორგი კოხრეიძე. კოხრეიძის დირექტორობის დროს  ცენზურაზე მაუწყებლის არა ერთმა თანამშრომელმა ისაუბრა, ჟურნალისტები გაუშვეს სამსახურიდანაც. 

იზაბელა ოსიპოვა სამეურვეო საბჭოს წევრი 2018-2024 წლებში იყო. ის სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანია. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა 3 წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. 3 ვაკანტურ პოზიციაზე პარლამენტმა 11 განცხადება მიიღო. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვეების შესარჩევმა კომისიამ საპარლამენტო უმრავლესობას,  სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავიანთი კანდიდატების შესარჩევად 11-ვე აპლიკანტი წარუდგინა. ესენი ემზარ დიასამიძე, მარინა გიორგაძე, ფირუზ ბოლქვაძე, გია იაკობაშვილი, გიორგი ლაზრიშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, პაატა სურგულაძე, დოდო შონავა, მიხეილ ჩიკვილაძე და თამარ წილოსანი იყვნენ. 

საკონკურსო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება 12 ივნისს გამართა. აპლიკანტებმა კომისიას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცეფციები წარუდგინეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. თითოეულ მათგანს ნახევარი საათი ეთმობოდა და პროცესი ჯამში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი იაკობაშვილმა მეურვეების შესარჩევი გასაუბრების დროს გენდერულ თანასწორობაზე დასმულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

 

საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მეურვეების შესარჩევი კომისიის წევრები: დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე იყვნენ. ამ 9-კაციანი კომისიის 4 წევრი „იმედის“ თანამშრომელი: დავით მაღლაფერიძე, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია და ოთარ ტატიშვილი იყო. ტატიშვილის ძმა, ვლადიმერ ტატიშვილი ახლა "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორია.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანდიდატებთან გასაუბრებას გედევან ჯინჭარაძე არ დასწრებია, გოდერძი შარაშიას ბოლო 5 კანდიდატისთვის არ მოუსმენია, ოთარ ტატიშვილს კი კითხვა არცერთი კანდიდატისთვის არ დაუსვამს. 

პარლამენტს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევად კონკურსის გამოცხადება სამჯერ მოუწია. ღია კონკურსი პირველად 18 მარტს გამოცხადდა, თუმცა, საკმარისი აპლიკანტების არ არსებობის გამო პროცესი ჩავარდა. მეორედ გამოცხადებული კონკურსის დროს [18 აპრილი-3 მაისი] საკანონმდებლო ორგანომ საკმარისი (10) განაცხადი მიიღო, თუმცა, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმ პერიოდში პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მოქმედების გამო, პროცესი შეფერხდა. მესამედ კი კონკურსი 20 მაისს გამოაცხადა.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს კი ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

 
 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ