სასამართლომ „ტაბულას“ რედაქტორს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
27.06.2024



თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 ივნისს გამართულ სხდომაზე „ტაბულას“ უმცროს რედაქტორს, გიორგი ბადრიძეს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

გიორგი ბადრიძე 3 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას დააკავეს და რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ იურისტმა და ბადრიძის ინტერესების დამცველმა, ილონა დიასამიძემ განაცხადა, სასამართლოში საქმის შეტანამდე, 13 დღის განმავლობაში ჟურნალისტისთვის არავის აუხსნია, თუ რა იყო მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზეზი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას 16 მაისს შეუდგინეს და ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტს  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

იმავე დღეს, 16 მაისს სახლიდან დაახლობით 100-200 მეტრის დაშორებით, გიორგი ბადრიძეს უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა. 

„ტაბულას“ რედაქტორს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს 16 აპრილს, ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციისაშუქების დროსაც. 

გიორგი ბადრიძემ, მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, „მედიაომბუდსმენის“ დახმარებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ორ საქმეზე მიმართა. ერთი საქმე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას უკავშირდება, მეორე კი - უცხო პირების სატელეფონო ზარებსა და ფიზიკურ ძალადობას. 19 ჟურნალისტის 20 საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენების პარალელურად „ტაბულას“ უმცროსი რედაქტორი სამხედრო სავალდებულო სამსახურშიც გაიწვიეს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ