მე-10 მოწვევის პარლამენტის მეოთხე საგაზაფხულო სესიის დახურვის დღეს,
28 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა მხოლოდ
ტელემედიის აკრედიტებულ ჯგუფებს მიეცათ.
ამ დღეს პლენარულ სხდომაზე
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანგარიში წარადგინა.
წინა დღეს, 27 ივნისს კი პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომების
შესახებ ოფიციალური განცხადება კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა, პრემიერის
მოხსნებისთვის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა და
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით,
საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის, რადიოსა და პრესის
ჟურნალისტები არ დაუშვა.
უსაფრთხოების ყვითელი დონე -
ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის შენობაში
შესვლა
2024 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში [თებერვალი-ივნისი]
პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომების ამოქმედებასთან
დაკავშირებით 20-მდე განცხადება გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილის
ბრძანებით ამოქმედებული უსაფრთხოების ყვითელი დონე მედიასაშუალებების
წარმომადგენლებს პირველად აპრილი-მაისის პერიოდში შეეხოთ და „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საკანონმდებლო
განხილვების დროს ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს კანონი მედია ორგანიზაციების ნაწილს პირდაპირ
ეხება და მათ „უცხო ძალის ინტერესების
გამტარებლად" მოიხსენიებს.
ონლაინ მედიის, რადიოსა და პრესის ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტში პირველად 15 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის დღეს არ შეუშვეს. მეორე დღეს, 16 აპრილს კი პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, არამედ პროტესტის დასაფიქსირებლად სურდათ და მედიას ჟურნალისტური აკრედიტაციით ბოროტად არ უნდა ესარგებლა.
შალვა პაპუაშვილმა ონლაინ მედიის შეზღუდვაზე
საუბრისას 8 აპრილის ბიუროს სხდომაც გაიხსენა, როდესაც მედია გამოცემა
„პუბლიკას” ჟურნალისტმა, ნათია ამირანაშვილმა საპროტესტო ბანერი -
„არა რუსულ კანონს“ გაშალა. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ
ამოცანა მსგავსი შემთხვევების პრევენცია იყო. რუსული კანონის ბიუროზე
განხილვას ვერ დაესწრნენ ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც მუდმივმოქმედი
აკრედიტაციაც ჰქონდათ.
რუსული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის გასაშუქებლად
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის
დეპარტამენტმა საშვები არ დაუშვა ონლაინ გამოცემა
„მედიაჩეკერისთვისაც". მაშინ მედია გამოცემას მიზეზი ოფიციალური
მეილით ასე განემარტა: „ჩვენი დეპარტამენტი საშვებს უშვებს მხოლოდ იმ
მედიასაშუალების ჟურნალისტებზე, რომლებიც პარლამენტის საქმიანობას
აშუქებენ“. ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლის, თამარ ჯანელიძის
განცხადებით, კი „მედიაჩეკერისთვის“ საშვები მისი ერთ-ერთი
ჟურნალისტის, ნინია კაკაბიძის გამო არ
დაუშვეს.
რუსული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელსაც
წარადგინა, თუმცა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე
კანონპროექტი უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში
ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. პროტესტი - „არა რუსულ
კანონს" 2023 წელს სწორედ ჟურნალისტებმა დაიწყეს. ისინი 2023
წლის მარტში პარლამენტში ბანერებითა და სასტვენებით მივიდნენ.
„პუბლიკას“ მთავარი
რედაქტორის, ლიკა
ზაკაშვილის შეფასებით, პლატფორმების მიხედვით
მედიის შეზღუდვა დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროში არ ხდება.
„არგუმენტი ან დასაბუთება,
რომელიც ახსნიდა ამ გადაწყვეტილების ვალიდურობასა და საჭიროებას არ
არსებობს…შესაბამისად, მათი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ მაქსიმალურად
შეზღუდონ იმ ჟურნალისტების რაოდენობა პარლამენტში, რომლებსაც
კონკრეტული კრიტიკული კითხვები აქვთ…შესაბამისად, ამ ინსტრუმენტს,
რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოგვიდგინა, როგორც წესი,
რომელიც, თითქოს, უსაფრთხოებას არეგულირებს, იყენებენ ბოროტი
მიზნებისთვის და ეს მიზანი მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების
მუშაობის შეზღუდვაა“.
როგორც „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა „მედიაჩეკერთან“
საუბრისას აღნიშნა, ყვითელი დონის ამოქმედება მოხდება ყოველთვის,
როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები გადაწყვეტენ, რომ ონლაინ მედიის
წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა დაუშვან.
„სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის“ მიზნით ამოქმედებულ
რეგულაციებს მედიების დაცენზურების საშუალებად მიიჩნევს „ნეტგაზეთის“ რედაქტორი, თაზო
კუპრეიშვილი.
„ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ონლაინ მედიას მთლიანად აუკრძალეს მუშაობა, ვინაიდან მათთვის ძალიან მარტივია მხოლოდ ტელევიზიების გარემოცვაში მუშაობა. ტელეკომპანიების ძირითადი ნაწილი სახელისუფლებოა, ხოლო თითზე ჩამოსათვლელია ტელევიზიები, რომლებიც თავიანთი შეზღუდული რესურსით ადგილზე მუშაობენ, მათი დადანაშაულება პოლიტიკურ აფელაციებში კი ძალიან მარტივია. მათთვის იოლია ამის გაკეთება, რასაც ვერ იზამენ ონლაინ მედიის შემთხვევაში. ვერ იტყვიან, რომ ჩვენ ან სხვა ონლაინ მედია, მაგ. „პუბლიკა“, რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან ასოცირდება და შეზღუდვისა და ცენზურის ასეთი ფორმა მოიფიქრეს“.
კუპრეიშვილის თქმით, ბევრჯერ ჰქონდათ სურვილი, ადგილიდან გაეშუქებინათ პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, დაესვათ კითხვები და მათი აუდიტორიისთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
„საკმარისი არაა ის ონლაინ პირდაპირი ეთერი, რომელიც პარლამენტის გვერდზე გადაიცემა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პარლამენტის დარბაზში მომხდარა დაპირისპირება, მათ შორის ფიზიკურიც. ამ დროს, პარლამენტის ლაივი ითიშება, რის შემდეგაც არ ვიცით, თუ რა ხდება. მოქალაქეებს კი აქვთ იმის უფლება, იცოდნენ, თუ რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში, როგორ იქცევა მათ მიერ არჩეული კანონმდებელი."
ნათია ინაური დაახლოებით 20 წელია საპარლამენტო კორესპონდენტია. ინაური ერთ-ერთია, რომელსაც ოფიციალური საპარლამენტო აკრედიტაციის მიუხედავად, უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედებით გათვალისწინებული რეგულაციები შეეხო. ჟურნალისტის თქმით, ეს მედიისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემაა.
„ყველა მედია ცდილობს, რომ საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. შესაბამისად, როცა ამის შესაძლებლობა არ ხერხდება და თან იმ ფონზე, როცა აკრედიტაციები აქვთ ჟურნალისტებს, მაგრამ მათი ერთი ნაწილი შედის (ტელევიზიების), ხოლო სხვებს ეუბნებიან უარს, გამოარჩევენ დისკრიმინაციული მიდგომით, ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. დიდი ხანია ვაშუქებ საპარლამენტო საქმიანობას და ასეთი პრაქტიკა ნამდვილად არ მახსენდება“.
რადიო „პალიტრას“
საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ანა მარშანიას
განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რადიოს ჟურნალისტებს
აკრედიტაციის აღების საჭიროება არ ჰქონიათ, საკანონმდებლო ორგანოში
მუშაობის შესაძლებლობა ყველა ჟურნალისტს უნდა მიეცეს.
„ვინაიდან ჩვენ
ინტეგრირებული ნიუსრუმი გვაქვს, როგორც „ინტერპრესნიუსის“, ისე
„პალიტრანიუსის“ წარმომადგენლები ჩვენი ჟურნალისტებიც არიან და მათ
მიერ მოწოდებული მასალებით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია, მას შემდეგ,
რაც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი პარლამენტში აღარ დაუშვეს, ამ
მიმართულებით მუშაობა გამიჭირდა. როცა ჟურნალისტი პარლამენტში იყო და
ჩართვა მინდოდა, ადგილიდან ვრთავდი. როცა ეს შეზღუდვები ამოქმედდა და
ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ისიც არ დაუშვეს, ბარიერები
მეც შემექმნა“.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების ყვითელი
დონით გამოწვეული შეზღუდვა და მათი არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება
დისკრიმინაციად მიიჩნიეს და ამის დასადგენად 16 აპრილს სახალხო
დამცველს მიმართეს. წინა დღეს, ლევან იოსელიანმა მხოლოდ ის
თქვა, რომ პარლამენტში ყოფნის
საშუალება ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა ჰქონდა. ომბუდსმენს ამ
საკითხის შესწავლა ჯერ არ დაუსრულებია.
საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება
სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დასადგენად მიმართეს აკრედიტაცია შეჩერებულმა ჟურნალისტებმაც. ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ამ საქმის შესწავლაც.
მაისი-ივნისის პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნით, საპარლამენტო აკრედიტაცია „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ოთხ ჟურნალისტს შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანისთვის გაგზავნილ პარლამენტის აპარატის უფროსის ოფიციალურ წერილში აკრედიტაციის შეწყვეტის მიზეზი ერთნაირად იყო განმარტებული: „მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.
პარლამენტის აკრედიტაციის წესით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუ შეწყვიტოს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნანა ინწკირველის თქმით, სოფო გოზალიშვილს გარდა, აკრედიტაცია შეუჩერდა გიორგი კიკაბიძესაც, რაც რედაქციისთვის ძალიან რთული „სასჯელია".
„შეიძლება, ეტაპობრივად რამდენჯერმე გამოგიწერონ ეს „ბილეთი“ და აღმოჩნდეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჯგუფი არ გყავს წარმოდგენილი და არ გაქვს შესაძლებლობა, შენთვის საინტერესო კითხვა დასვა და მასალა მოიპოვო. თუმცა, ამ შეზღუდვით, საინტერესო შეკითხვებს მაინც ვერ სვამ. შენ მხოლოდ იმ მასალას იღებ, რასაც გთავაზობენ. იმის საშუალება არ გაქვს, რომ იკითხო ის, რაც გაინტერესებს, რადგან „ქართლი ოცნების“ რომელიმე დეპუტატი თუ ჩათვლის, რომ ეს არის ადევნება, მას შეუძლია გამოგიწეროს საშვი, რომლის შემდეგაც პარლამენტში ვეღარ მოხვდები“.
„მედიაჩეკერთან“ საუბრისას ინწკირველმა აღნიშნა, რომ მისი 40-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილების განმავლობაში, მსგავსი შეზღუდვა არცერთი მთავრობის პირობებში არ უნახავს. მისი შეფასებით, საშემოდგომო სესიაზე მედიისთვის მუშაობა კიდევ უფრო გართულდება.
„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, თეონა გილიგაშვილის განცხადებით, კრიტიკული მედიის მიმართ უხეში და ცინიკური დამოკიდებულება ტრადიციად იქცა.
„ამ დაწესებულ რეგულაციებს შედეგად მოყვა ის, რომ არ გვაქვს თავისუფლად მოძრაობის საშუალება და თუ დასმული კითხვა არ მოეწონებათ, აკრედიტაციას გვიწყვეტენ. ამჟამად, ჩვენ ერთი ჟურნალისტი გვყავს, რომელსაც აკრედიტაციაზე შეზღუდვა დაუწესეს“.
სასამართლო სარჩელები
პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი, როგორც გამოხატვის
თავისუფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელი საკითხი სახალხო დამცველის
2023 წლის ანგარიშშიც
მოხვდა. ლევან იოსელიანის შეფასებით, ამ წესებმა მედიის ნაწილს
მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა შეუზღუდა.
პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი „ტელეკომპანია პირველმა“ და ნატალია ქაჯაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს. ქაჯაიას განცხადებით, პაპუაშვილის ბრძანება დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაასაჩივრეს, მაგრამ პროცესი გაყინულია.
„ერთი სასამართლოც სხდომაც კი არ ჩანიშნულა. როგორც ჩანს, არც განიხილავენ მას, რადგან „ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის გამოცემულ ბრძანებას/ ჩანაწერს სათავისოდ იყენებს, ვიტყოდი ბოროტადაც, რადგან პარლამენტიდან აძევებენ ყველა იმ ჟურნალისტს, ვისი კითხვებიც დისკომფორტს უქმნით. ზუსტად გუშინ ამოეწურა ვადა ჩემს სანქციას, დღეს დავბრუნდი პარლამენტში. სოზარ სუბარის გადაწყვეტილებით, ერთი თვის განმავლობაში არ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელიც ხელს გვიშლის მუშაობაში და ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად უნდა გაუქმდეს".
ომბუდსმენმა ამ საქმის მოსამართლეს, ციცინო როხვაძეს „სასამართლო მეგობრის მოსაზრებაც“ (Amicus Curiae) წარუდგინა. სახალხო დამცველის განმარტებით, „სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ჟურნალისტებისთვის დაწესებული ვალდებულება, შეწყვიტოს ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში. ასევე, სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო მზღუდავი ღონისძიებების პროპორციულობის საკითხიც“.
ტელეკომპანია „ფორმულას“ აკრედიტაცია შეჩერებულმა ჟურნალისტმა, გიორგი კიკაბიძემ და ოპერატორმა, გიორგი ქვაჩახიამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დახმარებით, აკრედიტაციის წესით გათვალისწინებული ნორმა, რესპონდენტის უარის მიუხედავად, კითხვების დასმის გამო აკრედიტაციის შეჩერება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. GDI-იმ საკონსტიტუციოში გაასაჩივრა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესიც“, რომელიც უსაფრთხოების მოტივით ნივთების შეტანას ზღუდავს. სასამართლომ ორივე საქმე არსებითად განსახილველად მიიღო.
„საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივის თავმჯდომარის“, ედუარდ
მარიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის
თავმჯდომარის ორივე ბრძანება არაკონსტიტუციურია. გარდა ამისა „უხეშად
არღვევს გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და გარკვეულწილად, არის
დისკრიმინაციული პრაქტიკებიც, როცა საქმე ეხება მაგალითად, მხოლოდ
ონლაინ მედიის შეშვების შეზღუდვას პარლამენტში“.
„ირღვევა ყველა
მოქალაქის უფლება, ინფორმაცია მისთვის სანდო წყაროსგან
მიიღოს“
„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა
დიასამიძის განცხადებით, 2024 წლის პირველი
ნახევარი ჟურნალისტებისათვის განსაკუთრებით რთული იყო.
„ონლაინ მედიის
ჟურნალისტებს, თითქმის, წართმეული ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ
პარლამენტიდან გაეშუქებინათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები,
რადგან მათ დისკრიმინაციული რეგულირების საფუძველზე ეკრძალებოდათ
პარლამენტსა და მის ეზოში დაშვება. რა საკვირველია, ეს არის
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რითაც საბოლოოდ, ირღვევა ყველა
მოქალაქის უფლება, ჰქონდეს შესაძლებლობა მისთვის სანდო წყაროსგან
მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენებზე“.
დიასამიძის შეფასებით, ბევრად უფრო რთული წლის მეორე ნახევარი იქნება,
რადგან წინ გველოდება უკვე მოქმედი რუსული კანონით დაკანონებული
რეპრესიები, დევნა და უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები.
„საქართველოს ჟურნალისტური
ქარტიის“ დირექტორის, ლია
ჩახუნაშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა,
რომ პარლამენტი, რომელიც სხვა საჯარო უწყებებს გამჭვირვალობისა და
ღიაობის მაგალითს უნდა აძლევდეს, თვითონ აწესებს ხელოვნურ ბარიერებს
ჟურნალისტებისთვის, რომ გაურთულოს წვდომა ინფორმაციაზე და
შესაძლებლობა, კომენტარი მიიღონ ხალხის არჩეული პარლამენტის
წევრებისგან.
„ასეთი დამოკიდებულება გაუგებარია, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს. საზოგადოებას აქვს უფლება, რომ იცოდეს რა პროცესები ვითარდება პარლამენტში, რის შესაძლებლობასაც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არ აძლევს. კიდევ უფრო უცნაურია ამ ყველაფრის მეორე ნაწილი - შეზღუდვები დაწესებულია დისკრიმინაციულად“.
„მედიაჩეკერმა“ საქართველოს პარლამენტისგან მიმდინარე წელს აკრედიტაცია შეჩერებული ჟურნალისტების რაოდენობასა და საფუძვლებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია 6 ივნისს გამოითხოვა, თუმცა, 10-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, პასუხი რედაქციას ამ დრომდე არ მიუღია.
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებამდე კი პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.