იუსტიციის სამინისტროს ინტერნეტ ტელევიზია "სტუდია იუსტიციისთვის“
იუსტიციის სასწავლო ცენტრის 2024 წლის ბიუჯეტიდან 184 000 ლარია
გამოყოფილი. ამის შესახებ "მედიაჩეკერს" ინფორმაცია იუსტიციის
სასწავლო ცენტრმა მიაწოდა. ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჟვანიას
ხელმოწერით გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტი სრულად
იუსტიციის სასწავლო ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან
ფინანსდება.
"სტუდია "იუსტიცია“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტია, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება შემეცნებითი გადაცემები, რომელთა მეშვეობითაც იურისტები, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, დოქტორანტები და სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული სხვა პირები მიიღებენ სათანადო ინფორმაციას სამართლის აქტუალურ საკითხებზე", - ვკითხულობთ წერილში.
"მედიაჩეკერმა" სასწავლო ცენტრიდან "სტუდია იუსტიციასთან" დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია მიმდინარე წლის 17 ივნისს გამოითხოვა, პასუხი კი გუშინ, 9 ივლისს დაგვიანებით და არასრული შინაარსით მიიღო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, "საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა".
მედია გამოცემამ იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებითაც ითხოვა, თუ როგორ და რა სტრუქტურით იმუშავებდა „სტუდია იუსტიცია“, ვინ იქნებოდა მისი ხელმძღვანელი და სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 13 ივნისს ფეისბუკის
საკუთარ გვერდზე
დაწერა, რომ ახალი ინოვაციური პროექტი -
“სტუდია იუსტიცია” დაიწყო, რომელიც საზოგადოების სამართლებრივი
ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებდა.
"იქნება პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც
იურისტებს ექნებათ საშუალება, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე
საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მოსაზრებები, სტუდენტებს კი შეეძლებათ
სრულიად ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით ლექციების მოსმენა და
განათლების მიღება. რაც განსაკუთრებულად მახარებს და ემოციურია არის
ის, რომ ეს პროექტი ატარებს სამარკო ნიშანს დამზადებულია
საქართველოში!"
"სტუდია იუსტიციის" ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე პირველი გადაცემა - "მთავარი თემა" 27 ივნისს გავიდა. მისი პირველი სტუმარი სწორედ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იყო, რომელმაც სტუდიის შექმნის მიზნებზეც ისაუბრა.
"სტუდია იუსტიციის" გადაცემის წამყვანი ანა ფილაურია. მისი კიდევ ერთი სტუმარი იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი, ლაშა ლობჯანიძე იყო. სტუდიის ფეისბუკ გვერდზე გვხვდება ვიდეოგაკვეთილიც საქართველოს კონსტიტუციის შესახებ.