ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მოამზადა
16.07.2024


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სახელმძღვანელო მოამზადა. 

სახელმძღვანელოში ავტორები, ირმა პავლიაშვილი და თეონა მაჭარაშვილი საარჩევნო პერიოდის წესებსა და სავალდებულოდ შესასრულებელ ნორმებს  მიმოიხილავენ და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და კარგი პრაქტიკის მაგალითებს აღწერენ. დოკუმენტში აღნიშნულია საარჩევნო პროცესში მედიის როლი და უფლებებიც.

„მედია საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს საზოგადოების ინფორმირების, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის საქმეში. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია გამოხატვის თავისუფლება და მედიის უფლებები. 

მნიშვნელოვანია, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაცული იყოს მედია ორგანიზაციებში დასაქმებული პირების უსაფრთხოება. კანონმდებლობით მედიის პროფესიული საქმიანობა დაცულია და ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულია. 

თავის მხრივ, მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის განხორციელებისას არსებითია მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვა, საარჩევნო პროცესის და პროცედურების მაღალი პასუხისმგელობის გრძნობითა და პროფესიონალიზმით  გაშუქება, რათა არავის მისცენ მათით მანიპულირების საშუალება და ამომრჩევლებს ინფორმაცია ობიექტურად მიაწოდონ.

მედიის საშუალებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ამომრჩეველი იღებს ინფორმაციას საარჩევნო კამპანიის წარმოებისას საარჩევნო სუბიექტების პროგრამებისა და მათი ხედვის თაობაზე. 

მედია მთავარ წყაროს წარმოადგენს ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების საქმეში, ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში", - აღნიშნულია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაში.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ