MFRR: [რუსული] კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობას
11.09.2024


„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გაანალიზებულია ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში მედიის თავისუფლების ყველა ის დარღვევა, რომელიც 2024 წლის პირველ ნახევარში (იანვარი-ივნისი) დაფიქსირდა.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საკვლევ პერიოდში მედიის თავისუფლების დარღვევის 756 შემთხვევა დაფიქსირდა (ყველაზე გავრცელებული ფორმა დაშინება და მუქარა იყო), რაც მედიების 1212 წარმომადგენელს შეეხო. 

„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის“ (ECPMF), „ჟურნალისტთა ევროპის ფედერაციის“ (EFJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) მიერ მომზადებულ დოკუმენტში საქართველოც მოხვდა. 

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 38 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელშიც მედიასთან დაკავშირებულ 65 სუბიექტს შეეხო.

„საქმეები მოიცავდა ჟურნალისტებზე ფიზიკურ შეურაცხყოფას, საკუთრებაზე თავდასხმას, სიტყვიერ თავდასხმას, სამართლებრივ დევნას  და ცენზურას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინციდენტების თითქმის მესამედი (31.6%) სახელმწიფო და საჯარო მოხელეების მიერ განხორციელდა, ხოლო მათ 34.2%-ში სამართალდარღვევის წყარო პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები იყვნენ,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

პუბლიკაციის თანახმად, EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოში, 2024 წლის პირველ ნახევარში, მედიის თავისუფლების მდგომარეობა სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო. სიტუაცია მკვეთრად თვალსაჩინო კი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელმეორედ ინიციირების შემდეგ გახდა.

„2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა გააუქმა პრეზიდენტის ვეტო კანონზე და მიიღო იგი. კანონი [რუსული კანონი] საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობას ქვეყანაში, სადაც უკვე არსებობს პოლარიზებული მედია და პოლიტიკური გარემო“.

ანგარიშში ასახულია მედიის თავისუფლების დარღვევის ისეთი ფაქტები, როგორებიცაა:

  • პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ (20 თებერვალს) შოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ მომზადებული საგამოძიებო მასალის გამო ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დისკრედიტაციის შემთხვევა;
  • პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ (8 აპრილს) factcheck-ისა და „მითების დეტექტორის“ დისკრედიტაციისა და თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ (2 მაისს) „ფორმულას“ რეპორტიორ ნუცა ბახუტაშვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები; 

დოკუმენტში მოხვდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების პარალელურად, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის, დაშინებისა და შეურაცხმყოფელი ზარების განხორციელების შემთხვევები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ავტომანქანებსა თუ ოფისებზე განხორციელებული ვანდალიზმის ფაქტებიც. პუბლიკაციაში ასევე საუბარია ჟურნალისტების, მათ შორის „ტაბულას“ ჟურნალისტის, გიორგი ბადრიძის დაკავების ფაქტზეც.

MFRR-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ონლაინ მედიის წარმომადგენლების პარლამენტში არ შეშვებისა და  ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევებზე.

„სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის“ (MFRR) არის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოაჩინოს, დააკვირდეს და რეაგირება მოახდინოს პრესისა და მედია თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ