2024 წლის ივნისში „მედიაჩეკერმა“ საჯარო ინფორმაცია 3 სხვადასხვა
სახელმწიფო უწყებიდან გამოითხოვა. აკრედიტაცია შეჩერებულ მედიის
წარმომადგენლებთან დაკავშირებით ინფორმაცია პარლამენტს გამოცემამ 6
ივნისს სთხოვა, თუმცა, პასუხი ჯერაც არ მიუღია. მედია გამოცემამ 17 და
18 ივნისს საჯარო ინფორმაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან და
ანტიკორუფციული ბიუროდანაც მოითხოვა. ორივე უწყებამ რედაქციას
არასრული განცხადებით უპასუხა. ამასთან, სასწავლო ცენტრმა კანონიც
დადგენილი ვადაც დაარღვია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა“.
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტატისტიკას აგროვებს და საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
ამ მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024
წლის 17 ივლისის ჩათვლით, მედია ორგანიზაციებმა სხვადასხვა საჯარო
უწყებას ინფორმაციის მიღების მოთხოვნით 1539 განცხადებით მიმართეს.
მედიამ სრულყოფილი პასუხი 399 შემთხვევაში მიიღო, 472-ჯერ მას
ნაწილობრივ უპასუხეს, 625 განცხადება კი პასუხის გარეშე
დარჩა.
როგორც „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების
ცენტრის“ დირექტორი, ეკატერინე ბასილაია „მედიაჩეკერთან“ საუბრისას
აღნიშნავს, მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო უწყებებიდან
ინფორმაციის მიღება საგრძნობლად გართულებულია და კრიტიკულად
მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა წლიდან წლამდე რთულდებოდა, რაც
სტრუქტურების გაუმჭვირვალობაზე მიუთითებს.
„ჩვენი, თითქმის, ერთწლიანი დაკვირვებისა და საქმის შესწავლის შედეგად, რაც მედიისთვის საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიისთვის მსგავსი ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია.
ისეთ კითხვებზეც კი, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული, ვინ არიან დასაქმებულები და ა.შ. ამ თემაზეც კი, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდებოდეს, ათდღიან ვადასაც ვერ ასრულებენ. ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, თუ როგორია გამჭვირვალობა საჯარო უწყებებში“.
ეკატერინე ბასილაიას თქმით, სტატისტიკის შექმნამ ეს პრობლემები ციფრებში ასახა, რამაც უფრო გაამარტივა აღქმა, თუ რამდენად კრიტიკული ვითარებაა საჯარო უწყებების გამჭვირვალობის კუთხით.
მედიის გამოცდილება
ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელსაც გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დროულად ან/და სრულად მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება, საგამოძიებო მედია - „სტუდია მონიტორია“.
როგორც „სტუდია მონიტორის“ რედაქტორი, ნინო ზურიაშვილი აღნიშნავს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ძალიან შეიზღუდა.
„ჩვენთვის ინფორმაციის მიუღებლობა დიდი პრობლემაა, ვინაიდან როცა რაღაცას აკეთებ, ინფორმაციის შევსება გჭირდება. გარდა ამისა, ზოგიერთ ინფორმაციას ბალანსისთვის კი არ ვითხოვთ, არამედ იმიტომ, რომ არასწორი ინფორმაცია არ გავიდეს და ინსტიტუციას პასუხის უფლება ჰქონდეს. ისინი ამით არც სარგებლობენ და არც გვეთანამშრომლებიან. ეს თავისუფალი ჟურნალისტიკისთვის მთავრობის მხრიდან შეგნებულად პრობლემების შექმნაა“.
ზურიაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ის შემთხვევაც
გაიხსენა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს "სტუდია
მონიტორისთვის" უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაცია მიწოდება
აუკრძალა. მედია გამოცემამ NCDC-ის პრესსამსახურის წარმომადგენლის,
ნინო მამუკაშვილის შესაბამისი მეილის მიმოწერა მოიპოვა.
სახელმწიფოს წარმოუდგენელ გაუმჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების
დაბალ დონეზე საუბრობს „პუბლიკას“ რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილიც. როგორც
ის აღნიშნავს, „პუბლიკას“ გამოცდილება იმ საერთო პრაქტიკისგან არ
განსხვავდება, რაც დამოუკიდებელ მედიას საჯარო ინფორმაციის მიღების
კუთხით აქვს.
„როდესაც კონკრეტული საკითხის მიმართ ინტერესი არსებობს, აუცილებელია, რომ მტკიცებულებები, ფაქტები, მონაცემები დროულად იქნეს მიწოდებული. როცა მედიისთვის ინფორმაციის დროული გადაცემა არ ხდება, საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირება ფერხდება და ხანდახან შეუძლებელიც კი ხდება.
ინფორმაცია დროულად როდის მივიღეთ, აღარც კი
მახსოვს, მაგალითის მოყვანაც კი გამიჭირდება. ბოლო ერთი წლის
განმავლობაში, რუსული კანონის პირველად ინიციირებიდან დღემდე,
დამოუკიდებელი მედიიებისთვის საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღება
შეუძლებელი გახდა“.
ლიკა ზაკაშვილის განცხადებით, ძალიან გართულებულია
საჯარო უწყებების მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან
ურთიერთობაც.
„დარეკვა და პასუხი სახვეწარი გახდა. როდესაც
მედიებთან ეს სამსახურები ასეთი დაბალი ანგარიშვალდებულებით მუშაობენ,
ეს დიდი პრობლემაა დემოკრატიისთვის, მედიისა და გამოხატვის
თავისუფლებისთვის“.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა პრობლემურია „ნეტგაზეთისთვისაც“. როგორც მედია გამოცემის რედაქტორი, თაზო კუპრეიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნავს, წლების მანძილზე არასრულყოფილ ან დაგვიანებულ პასუხებს მაინც იღებდნენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი, საჯარო უწყებები ინფორმაციას ფაქტობრივად არ გასცემენ. ყველაზე ჩაკეტილი უწყება კი, კულტურის სამინისტროა.
„მათთან ელემენტარული სახის კომუნიკაციაც შეუძლებელია, თუნდაც პრესსამსახურის გავლით. სხვა სამინისტროებთან, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. რომ დარეკავ, რაღაც ზოგად პასუხს მაინც გაგცემენ, რომ მოიკვლევენ, მოიძიებენ, თუმცა, თანდათანობით, ჩაკეტილობის მხრივ სხვა უწყებებიც უთანაბრდებიან“.
კუპრეიშვილით თქმით, როდესაც ისინი ინფორმაციას არ ავრცელებენ, მათ თავის მართლება არ უწევთ და გაცილებით გაუმჭვირვალედ, თავიანთ ნება-სურვილზე ხარჯავენ თანხებს და ხშირ შემთხვევაში, დანაშაულსაც კი მალავენ.
„ინფორმაციის გაუსაჯაროებლობის მიზანია, დამალონ
საკუთარი დანაშაული, დამალონ ბიუჯეტის არაეფექტიანი და უმიზნო ხარჯვა.
არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფული მიზნობრივად არ
იხარჯება“.
გასაჩივრების შესაძლებლობა
ინფორმაციის გაცემაზე საჯარო დაწესებულების უარის გასაჩივრება მედიას იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის შეტანისა და სასამართლოსთვის მიმართვის გზით შეუძლია. ჟურნალისტებს ამ პროცესში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ეხმარება.
IDFI-ის იურისტის, ნიკა ბოლქვაძის შეფასებით, დაწესებულებები კანონს სისტემურად არღვევენ და ისინი ხშირ შემთხვევაში, განმცხადებლების გამოუცდელობით სარგებლობენ. მისი თქმით, საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა განსაკუთრებით პრობლემური ბოლო ორ წელში გახდა.
„თავიდან ცენტრალური უწყებებით, მთავრობის, სამინისტროების დონეზე დაიწყო და ტენდენცია უკვე ადგილობრივ დონეზეც შეიმჩნევა“.
ნიკა ბოლქვაძის განმარტებით, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება ეფექტური საშუალება არაა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ეს საჩივრები იმავე უწყების უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიერ განიხილება და დაკმაყოფილების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში 300-მდე ადმინისტრაციული საჩივარი გააგზავნეს, საიდანაც პროცედურის სრული დაცვით განხილული საჩივრები იშვიათობაა.
„ზოგიერთ შემთხვევაში დე-ფაქტო აკმაყოფილებენ ხოლმე, ანუ როცა გავუსაჩივრებთ, შემდეგ მოგვაწვდიან ინფორმაციას და იმავე საჩივარზე საქმის წარმოებას წყვეტენ ან ჩვენ გამოგვაქვს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თუ დაწესებულებას არ გაუსაჩივრე, იქამდე ის თავს ანგარიშვალდებულად არ თვლის“.
თუ ადმინისტრაციულმა საჩივარმა შედეგი არ გამოიღო, შემდეგ IDFI-ი დავას სასამართლო წესით იწყებს.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში სასამართლოში
50-მდე სარჩელი შევიტანეთ და აქედან 6 შემთხვევაში, სარჩელის შეტანის
შემდგომ, საჯარო დაწესებულებამ ინფორმაცია შესაგებლის სახით ან
სხვა ფორმით მოგვაწოდა. სხვა შემთხვევებში, ეს საქმეები დღემდე
მიმდინარეა, რაც პრობლემაა. გაწელილი ვადები სასამართლოს გზით უფლების
დაცვის ეფექტიანობას ამცირებს“.
რას წერს სახალხო დამცველი
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, რაც მედიასაქმიანობის ეფექტიანობას საფრთხეს უქმნის, სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც მოხვდა.
ომბუდსმენი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მოძველებულ კანონმდებლობასა და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის არარსებობას მიიჩნევს.
„დღემდე არ არის სავალდებულოდ აღიარებული
„ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009
წლის 18 ივნისის კონვენცია, რომლის მე-8 მუხლი ითვალისწინებს, რომ
განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების
გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ან სასამართლოში ან
დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოში და ეს პროცედურა უნდა იყოს
სწრაფი და იაფი“.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს
ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში
გაცემაზე უარის თქმის 100-ზე მეტი შემთხვევის შესახებ. მას საჩივრებით
უმეტესად უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები მიმართავდნენ.
საჩივრების უმრავლესობა კი, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან
დაკავშირებით წარგენილ განცხადებებზე საჯარო დაწესებულებების მხრიდან
თვეების განმავლობაში გამოვლენილ უმოქმედობას
შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ განმცხადებლების ნაწილმა პასუხი მას შემდეგ მიიღო, რაც სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამის უწყებებს კორესპონდენციითა და განმარტების მოთხოვნით მიმართა. ანგარიშის მიხედვით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საჯარო დაწესებულებების მხრიდან, არაერთ შემთხვევაში, უფლებადამცველ ორგანიზაციებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა დაუსაბუთებლად შეეზღუდათ.