"სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას", - მედიის ადვოკატირების კოალიცია
23.07.2024


"მედიის ადვოკატირების კოალიცია" სასამართლო პროცესებზე დასწრების შეფერხებასთან დაკავშირებით "ტელეკომპანია პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ გუშინ, 22 ივლისს ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არც მოსამართლე  უშვებს.

"მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში გულისხმობს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, ჟურნალისტების სასამართლო სხდომებზე დასწრებასა და პროცესის გაშუქებას. 

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას რთულ პირობებში უწევს მუშაობა. 

სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლებმა პირებმა დაუყოვნებლივ გამოასწორონ არსებული ხარვეზი, უზრუნველყონ მედიების სხდომებზე დასწრება და განმარტონ პრობლემების გამომწვევი მიზეზები", - ვკითხულობთ "მედიის ადვოკატირების კოალიციის" განცხადებაში.  

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ