არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა - რისთვის ასანქცირებს ComCom-ი ტელემედიის ნაწილს
30.07.2024


კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო დაასანქცირა და მიზეზად  არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელება დაასახელა

როგორც კომისიამ 25 ივლისს განაცხადა, ვიდეორგოლები 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა და შესაბამისად, პოლიტიკურ რეკლამას წარმოადგენდა. 

რადგან „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის დასანქცირებული არ ყოფილა, კომისიამ ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა.

„მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც არხს ჯერ არ ჩაბარებია, კომუნიკაციების კომისიის ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. 

მურადაშვილის განმარტებით მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება პრეცედენტია, როდესაც კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად საინფორმაციო გამოშვების შემადგენელი ნაწილი მიიჩნია. 

„ადრე გვქონდა შემთხვევები, როდესაც პოლიტიკურ რეკლამებად სარეკლამო ჭრებში გასულ სოციალურ კლიპებს აფასებდნენ. თითქოს, არაწინასაარჩევნო პერიოდში მათი გაშვება არ შეიძლებოდა და ამიტომ გვასანქცირებდნენ, რაც ტყუილი იყო. მაგრამ ამ შემთხვევაში, უშუალოდ საინფორმაციო გადაცემის მასალაზე ამბობენ ამგვარ რამეს და ეს არის პირველი პრეცედენტი, რაც თავის მხრივ ცენზურაა. თითქოს, ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ ხელშემშლელი კლიპი, არადა მასში უბრალოდ ინფორმაციაა, რომ კონკრეტულმა პარლამენტარებმა ამ კანონს მხარი დაუჭირეს, რაც ფაქტია“.

ვიდეორგოლი - „იცნობდეთ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს“ „მთავარი არხის“ ეთერში, თითქმის, ორი თვეა, რუსული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა საინფორმაციო გადაცემის ბოლოს გადის.



როგორც ტელეკომპანიის იურისტი აღნიშნავს, მათ კომისიის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ, არ ჰქონდათ წერილობითი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობაც, ვინაიდან ის ძალიან სწრაფად ჩაინიშნა.

„ჩვენ გონივრული ვადის მოცემა ვითხოვეთ, თუმცა, ეს არ დაგვიკმაყოფილეს. რა თქმა უნდა, მათთვის სასურველი იქნებოდა ცარიელ მოედანზე დავესანქცირებინეთ და ჩვენი წარმომადგენელი არ ყოფილიყო. 

ასევე, ჩვენ ვაცნობეთ, რომ ეს საინფორმაციო მასალა ისედაც სეზონის ბოლომდე (თვის ბოლომდე) იყო ჩართული, მეტი აღარ გავიდოდა და არ იყო ასეთი სისწრაფე საჭირო, რაღაც კრიტიკული მომენტი არ იდგა. ამის მიუხედავადაც, საქმე მაინც განიხილეს“.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, „მთავარი არხის“ ეთერით იმ ვიდეორგოლების გასვლა, რომელშიც პარლამენტის წევრები ნეგატიურ კონტექსტში იყვნენ ნაჩვენები, მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა.

თამთა მურადაშვილის შეფასებით, იმ ლოგიკით, თუ საინფორმაციო გადაცემაში გასული მასალა პოლიტიკურ რეკლამად შეფასდა, მაშინ კომისიამ „იმედისა“ და POSTV-ის მონიტორინგიც უნდა განახორციელოს და პოლიტიკური რეკლამის კვალიფიკაცია მათ საინფორმაციო გადაცემებში გასულ მასალებსაც უნდა მიანიჭოს.

„იმიტომ, რომ სახელისუფლებო მედიები მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ხელშეშლაზე არიან ორიენტირებულები. ვინაიდან კომისიამ გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ უშლიდა ხელს, მაშინ იგივე ლოგიკით, კომისიამ საინფორმაციო გადაცემების მონიტორინგიც უნდა დაიწყოს“.

რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში განთავსების მიზეზით „მთავარი არხის“ დაასანქცირებას გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაც.

სოციალურ პლატფორმა x-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:  "„ქართული ოცნება“ იყენებს კიდევ ერთ რუსულ მეთოდს მათი ავტორიტარული სტრატეგიიდან, რათა მოახდინონ ოპოზიციის ცენზურა და ქართველ ხალხს წაართვან ის დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან“.

პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ გარდა, წინა თვეში, 27 ივნისს წერილობით გააფრთხილა ტელეკომპანია „კავკასიაც“. ამ შემთხვევაში მარეგულირებელმა პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარი მიიჩნია და განმარტა, რომ ამავდროულად, ხაზარაძე ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეებს უსვამდა ხაზს და წინასაარჩევნო დაპირებებს იძლეოდა. 

„მონიტორინგის შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ ვიდეორგოლის შინაარსის, არსებული კონტექსტისა და სარეკლამო კამპანიის მიზნების გათვალისწინებით, რეკლამა ემსახურება არამხოლოდ წიგნის პოპულარიზაციას, არამედ პოლიტიკური ლიდერის არჩევის ხელშეწყობას. 

აქედან გამომდინარე, დადგინდა, რომ სახეზეა პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, დაუშვებელია პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსითგათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება,“
- ვკითხულობთ ComCom-ის განცხადებაში.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის შეფასებით, კომუნიკაციების კომისია არასახელისუფლებო მედიებზეა ჩასაფრებული და რასაც მოისურვებს, ყველაფერს პოლიტიკურ რეკლამად „ასაღებს“.



„ხაზარაძის წიგნის რეკლამაზე ყველა დაგვასანქცირა და თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური რეკლამა. მე კი ვხედავდი რისკს, რომ კომისიას შეიძლებოდა რაღაც საქმის წარმოება დაეწყო, რადგან ყველაფერზე ჩასაფრებულია, მაგრამ ჩავთვალე, რომ წიგნის რეკლამაზე უარი არ უნდა მეთქვა“.

როგორც ჯანგირაშვილმა "მედიაჩეკერთან" საუბრისას აღნიშნა, მას სახელისუფლებო მედიების მონიტორინგის შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა, სრულიად შემთხვევით POSTV-ზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინა და ამის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზეც დაწერა.

„რა რეაქცია აქვს ამაზე კომუნიკაციების კომისიას? შეიძლება მას შემდეგ, რაც  facebook-ზე „მოვთაგე“, დაიწყეს საქმის წარმოება", - ამბობს „კავკასიის“ დირექტორი.

გარდა ამისა, როგორც ჯანგირაშვილი ამბობს, არაწინასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებისთვის პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვა გაუგებარია და  ტელემედიას დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს, ვინაიდან ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკური რეკლამის განთავსება, ტელევიზიის გარდა, სოციალურ ქსელებსა თუ ონლაინ მედიაში შეუძლია.

„კავკასიამდე“ რამდენიმე დღით ადრე, 21 ივნისს კომუნიკაციის კომისიამ „ლელოს“ იმავე რეკლამის ეთერში გასვლა კანონმდებლობის დარღვევად ჩაუთვალა ტელეკომპანიებს: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“.

კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა" იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ ჰქონიათ, წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა. „მთავარი არხი“ კი ComCom-მა მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, რადგან არხმა რეკლამის განთავსება მალევე შეწყვიტა. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტის, ეთერ ქათამაძის განმარტებით, კომუნიკაციების კომისიამ კომერციული რეკლამა არასწორად განმარტა და წინასაარჩევნოდ მიიჩნია. 

„სრულად კომერციული სახის რეკლამა კომისიამ არასათანადოდ მიიჩნია და გადაწყდა, რომ  წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნებს შეიცავს. მაშინ, როდესაც კანონმდებლობაში წერია, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდზე საარჩევნო კოდექსი საერთოდ არ ვრცელედება, კომისია მსგავს განცხადებებს მაინც აკეთებს“.

არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო კომუნიკაციების კომისიამ დაასანქცირა თუ არა სხვა ტელეკომპანიები მაგალითად, „იმედი“, „რუსთავი 2“, „POSTV“ და სხვ. ან როგორ ხორციელდება მონიტორინგი და როგორ ირჩევა მისი სუბიექტები - ამ და სხვა კითხვებით „მედიაჩეკერმა“ კომუნიკაციების კომისიას გუშინ, 29 ივლისს მიმართა და შესაბამისი ინფორმაცია დღეს მიიღო.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან, წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.

„ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგი წელს განხორციელდა ერთხელ, ხოლო მეორე გეგმიური მონიტორინგი, ასევე ყველა მაუწყებლის, წლის მეორე ნახევარში ჩატარდება.

შერჩევითი მონიტორინგის ფარგლებში რეიტინგული მაუწყებლები შეიძლება შემოწმდნენ ნებისმიერ დროს. როდის და რომელ მაუწყებელს დაამონიტორინგებს კომუნიკაციების კომისია წინასწარ ამის გასაჯაროება არ ხდება.

კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის გარდა, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მომართოს კომუნიკაციების კომისიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჩათვლის, რომ მაუწყებელი არღვევს კანონს და კომისია ყველა განცხადებას და საჩივარს კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის“, - ვკითხულობთ კომისიისგან მიღებულ წერილობით პასუხში.

„მედიაჩეკერმა“ კომუნიკაციების კომისიას ისიც ჰკითხა, მედიამონიტორინგის შედეგად სხვა ტელევიზიებიც: „იმედი“, „რუსთავი 2“, „POSTV“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თუ დაუსანქცირებიათ.

აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ გამოგზავნილი ამ მაუწყებლების დასანქცირების შემთხვევებიდან მიმდინარე, 2024 წლის არცერთი არ არის. ეს ტელევიზიები სხვადასხვა მიზეზით 2020, 2022-2023 წლებში დასანქცირდნენ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, საარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის კიდევ ბევრ მსგავს გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ, ეს კი მედიის თავისუფლებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩარევაა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, საარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის კიდევ ბევრ მსგავს გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ, ეს კი მედიის თავისუფლებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩარევაა. 


როგორც მარიკაშვილი აღნიშნავს, კომისია ცდილობს წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებსა და ოპოზიციასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებზე, ერთგვარად, საინფორმაციო ველი გაწმინდოს. 

„ეს არის მხოლოდ დასაწყისი. როგორც კი წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად დაიწყება [კენჭისყრამდე 60 დღით ადრე], კომუნიკაციების კომისიას კიდევ უფრო მეტი მექანიზმი და ბერკეტი ექნება, რომ წინასაარჩევნო გარემოზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, მათ შორის ხელისუფლების სასარგებლოდ“.

აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებაც, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის  განთავსება ეხება. 

კომუნიკაციების კომისიის ძველი სანქციების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2022 წლის ბოლოს მიმართა და სადავო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა გახადა, რომელიც არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას კრძალავს.

სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2 მოსამართლის პოზიცია - მაუწყებლისთვის არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვაზე, კოლეგიის დანარჩენმა 2 წევრმა (გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე) არ გაიზიარა. 

„საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2 მოსამართლის (ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი) აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა კოლეგიის დანარჩენმა 2 წევრმა. მათი აზრით, სადავო ნორმა, „მსუსხავი ეფექტის“ გავლენით, ზემოქმედებს გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის პროცესზე და, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.

განხილულ შემთხვევაში, ვინაიდან, კოლეგიის მოსამართლეთა ხმები შუაზე გაიყო, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ერთმნიშვნელოვნად არ იქნა დადგენილი სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, რის გამოც, სადავო ნორმა დარჩა ძალაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად არც სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობა განუსაზღვრავს,“ - ვკითხულობთ ომბუდსმენის აპარატის წერილში. 

 

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ