RSF: საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა
01.08.2024


საერთაშორისო ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2024 წლის რეიტინგით, საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა და გასულ წელთან შედარებით, 26 ადგილით დაქვეითდა.

„მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა საქართველომ (103-ე ადგილი), რომელიც 26 ადგილით დაქვეითდა. მისი მმართველი პარტია განაგრძობს საზოგადოების პოლარიზებას, აწარმოებს მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკას და სულ უფრო და უფრო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს პრესის თავისუფლების მიმართ,“ - აღნიშნულია RSF-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, მედია ლანდშაფტი - მრავალფეროვანი და ამავე დროს, ძალზე პოლიტიკურად პოლარიზებულია. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია კი მედიაში ფართოდაა გავრცელებული.

RSF-ის ანგარიშის მიხედვით, ხშირია ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით კი, საარჩევნო კამპანიის დროს. 


ვითარება რეგიონში


RSF-ის 2024 წლის რეიტინგის მიხედვით, რუსეთი 162-ე პოზიციაზე იმყოფება.

„რუსეთის სახელმწიფო (162-ე ადგილი) აგრძელებს თავის ჯვაროსნულ ლაშქრობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ, მაშინ, როცა 1500-ზე მეტი ჟურნალისტი გაიქცა საზღვარგარეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. რუსეთის 2024 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში ორი ადგილით აწევა, სხვა ქვეყნების დაცემის გამო, ფარავს მის უკუსვლას, რადგან გახანგრძლივდა იმ ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების სია, რომლებსაც „უცხოეთის აგენტები“ ან „არასასურველი“ უწოდეს და დააპატიმრეს,“ - აღნიშნულია ანაგრიშში.

როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, დაეცა აზერბაიჯანის მაჩვენებლებიც. 

„ასევე დაეცა აზერბაიჯანის (164-ე ადგილი) ყველა მაჩვენებელი, განსაკუთრებით პოლიტიკური, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის დარბევის შემდეგ“.

რაც შეეხება სომხეთს, მისი პოზიცია 2024 წლის რეიტინგის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 43-ე ადგილი დაიკავა.

RSF-ის შეფასებით, პლურალისტური გარემოს მიუხედავად, მედია კვლავ პოლარიზებულია. ქვეყანა დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის უპრეცედენტო დონის წინაშე დგას, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული დავისა და აზერბაიჯანთან ომის საფრთხის გამო.

„სოციალური მედია, რომელიც ყოველდღიურად მოსახლეობის ორ მესამედს  წვდება, ინფორმაციის მთავარი წყაროა. 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მრავალი ახალი მედიასაშუალება და დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტი გაჩნდა, როგორიცაა: Civilnet.am, hetq.am, Factor.am  და  Azatutyun.am …  მიუხედავად ამისა, მაუწყებლობისა და ბეჭდვითი მედიის უმეტესობა, რომელიც დაკავშირებულია ძირითად პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებთან, სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ზეწოლას განიცდის,“ - ნათქვამია ანაგრიშში.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ავტორიტარიზმის მოპოვებასთან ერთად, მედიის პლურალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თურქეთში .

„პოლიტიკური ინტერესები ახშობს ჟურნალისტიკას რამდენიმე ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან. 

ესენია: ბოსნია-ჰერცეგოვინა (81-ე), სერბეთი (98-ე) და ალბანეთი (99-ე). თურქეთი (158-ე) აგრძელებს ჟურნალისტების დაპატიმრებას და მედიას ძირს უთხრის ონლაინ ცენზურისა და სასამართლო სისტემის კონტროლის გზით“.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ