პირველი აგვისტოდან რუსული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით
„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ“ (IFJ)
სტატია გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ
„ავტორიტარული „უცხოეთის აგენტის“ კანონი“, რომელიც საფრთხეს უქმნის
პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიას, უნდა გაუქმდეს. IFJ და EFJ
(ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია) საქართველოს მთავრობის ქმედებებს
კატეგორიულად გმობენ და ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებს სოლიდარობას უცხადებენ.
„ეს კანონი არის დამოუკიდებელი მედიისა და განსხვავებული ხმების ჩახშობის აშკარა მცდელობა. ის წარმოადგენს სერიოზულ შეტევას საქართველოში პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს ავტორიტარული კანონმდებლობა და პატივი სცეს თავისუფალი გამოხატვისა და დამოუკიდებელი ფუნდამენტური უფლებების დაცვას.“
„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ სტატიის თანახმად, კანონი, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას ავალდებულებს, უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის ჟურნალისტებსა და მედიის თავისუფლებას ქვეყანაში.
„ამ კანონის საშიშროება მკვეთრი და მყისიერია. იგი რუსეთის 2012 წლის „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონით არის შთაგონებული და საქართველოს მთავრობას კრიტიკული ხმების დისკრედიტაციისა და გაჩუმების მძლავრ ინსტრუმენტს აძლევს. მაგალითად, რუსეთში მსგავსმა კანონებმა გამოიწვია დამოუკიდებელი მედია საშუალებების დახურვა და ჟურნალისტების დევნა. კანონის ეს ვერსია კი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს, რაც ქმნის რეპრესიული შედეგების გამეორების საფრთხეს კრიტიკულ მედიაზე „უცხო აგენტის“ ეტიკეტის მინიჭებით და აძლევს მთავრობას საინფორმაციო ცენტრებზე ჩარევისა და ზეწოლის საშუალებას, რითიც ძირს უთხრის მათ სანდოობას და დამოუკიდებლობას,“ - ვკითხულობთ სტატიაში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.