ვიტალი გუგუჩიას მეუღლის, მირანდა ჯობავას განცხადებით,
POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის
საქმეზე ბრალს წარუდგენენ.
„ბრალის წარსადგენად დაიბარეს ვიტა დღეს საღამოს…ჟურნალისტურ საქმიანიბაში ხელის შეშლაო. ანუ აქეთ გვდებს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია რაღაცაში ბრალს და ცდილობს გაგვტეხოს?!?! გაგვანადგუროს?!?! უფრო გავძლიერდებით, თქვენ კი ეს ამბავი გადაგიყოლებთ!!!“ - წერს ჯობავა ფეისბუკის პირად გვერდზე.
„მედიაჩეკერი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც დაუკავშირდა, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება.
28 მაისს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პარლამენტის შენობა დეპუტატებმა დატოვეს, გზად ერთ-ერთმა მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა ახლოს მდებარე მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.
მეორე დღეს, 29 მაისს ჯაფარიძე მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, თუმცა, ვიტალი გეგუჩიამ და მირანდა ჯობავამ დეპუტატს უთხრეს, რომ ბოდიში არა ფორთოხლის, არამედ მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი. 31 მაისს კი, POSTV-ის გადამღები ჯგუფი სამეგრელოში წასულ ოჯახთან მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მალევე, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიტალი გუგუჩია POSTV-ის პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. ტელეკომპანიას „ხალხის ძალის“ მხარდაჭერა ღიად აქვს გაცხადებული.