06.08.2024
გუშინ, 5 აგვისტოს, 21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას რამდენიმე ტელევიზია არ დაესწრო.
კითხვა-პასუხის დაწყებამდე, პრეზიდენტმა ყურადღება
"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გაამახვილა და თქვა, რომ არხისგან უარი
მესამედ მიიღეს.
„სამწუხარო არის ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. არ
ვიტყვი იმას, რომ ორი არხი აქ არ ესწრება, ეს მათი გადაწყვეტილება
არის. ყველა იყო, აბსოლუტურად ყველა დაპატიჟებული რეგიონებიდან,
როგორც თბილისიდან…
[საზოგადოებრივი მაუწყებელი] რომელიც მესამეჯერ მოვიწვიეთ
სხვადასხვა ფორმატში. ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი
მონაწილეობა, თუ არ იქნებოდა ეს ყველასთვის ღია ფორმატი. მეორეჯერ –
ცალკე ინტერვიუ და მესამეჯერ - დღეს, რომელიც არის ნამდვილად
საყოველთაო ფორმატი. სამივეჯერ უარი მივიღეთ. მემგონი ეს არის დაღვევა
მათი ქარტიის…
ძალიან მნიშვნელოვანი არის, ქვეყანაში რა ხდება მედიასივრცეში
ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი უფლებების დაცვისთვის".
სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ქარტიაში,
სავარაუდოდ, ტელევიზიის ქცევის
კოდექსი იგულისხმა, რომელიც მაუწყებლის
პროგრამებისთვის პროფესიულ სტანდარტებსა და ეთიკის პრინციპებს
განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ მიუკერძოებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა
"საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის" პირველივე გვერდზეა
განმარტებული.
მიუკერძოებლობა - ვიყოთ მიუკერძოებლები. შევისწავლოთ და
სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხის
შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არც ერთი პოზიციის
მხარდაჭერა. უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი საგულისხმო და ღირებული
აზრი.
სარედაქციო დამოუკიდებლობა - დავიცვათ სარედაქციო დამოუკიდებლობა
და მივიღოთ პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა ინტერესებისგან თავისუფალი
გადაწყვეტილებები. ჩვენი ქმედებით არ შევლახოთ საზოგადოებრივი
მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.
|
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ: "რადიო და ტელეპროგრამების
შემქმნელებმა არ უნდა უგულებელყონ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია,
რომელსაც პირადად არ ეთანხმებიან". ტელევიზიის შინაარსობრივი
ვალდებულებები განსაზღვრულია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს
კანონითაც.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია, უზრუნველყოს
პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა,
მიუკერძოებლობა და მათ შორის, სახელისუფლებო და პოლიტიკური
გავლენისაგან თავისუფლება.
კანონში წერია ისიც, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი
თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების
განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ
კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში
ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად
მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი".
აღსანიშნავია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გუშინდელ მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც 21:00 საათზე იწყება, პრეზიდენტის
პრესკონფერენციას დაახლოებით 3 წუთი
დაეთმო. "მოამბის" წამყვანის, ნიკა მუკბანიანის
თქმით, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა 1 საათის
დაგვიანებით დაიწყო. მასალაში კი მხოლოდ "აჭარის ტელევიზიის"
წამყვანის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვა და ზურაბიშვილის პასუხი
მოხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციას 50-მდე
ჟურნალისტი დაესწრო. რატომ არ იყო მათ შორის "საზოგადოებრივი
მაუწყებელი" - ამის გარკვევა "მედიაჩეკერმა" ტელევიზიის რამდენიმე
წარმომადგენელთან უშედეგოდ სცადა.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უარი თქვა ტელეკომპანია
"იმედმა" და POSTV-იმ. რედაქციამ პასუხის მიღება სცადა ამ
ტელევიზიებისგანაც. აღსანიშნავია, რომ გუშინ, პრეზიდენტის
პრესკონფერენციის დაწყების დროს ორივე არხის ეთერში სერიალი
გადიოდა.
სამივე ტელეკომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში,
მასალა შესაბამისად განახლდება.