„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
06.08.2024

„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ (EFJ)  და მისი წარმომადგენლობა საქართველოში - „ქართველ ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ (IAGJ) თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის  დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და საექსტრადიციო პროცედურების შეჩერებას მოითხოვენ.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს აზერბაიჯანის პოლიტიკურ სასამართლო პროცესებში თანამონაწილეობისგან, რომელიც ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა“, - განაცხადა EFJ-ის პრეზიდენტმა მაჯა სევერმა. 

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, რეპრესიების ამ ტალღამ გისოსებს მიღმა უკვე 23 ჟურნალისტი დააყენა“.

„აზერბაიჯანი რუსეთისა და ბელორუსის შემდეგ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოდ იქცა. EFJ უერთდება Amnesty International-ს და მოუწოდებს საქართველოს შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადიცია,“ - აღნიშნულია EFJ-სა და IAGJ-ს  ერთობლივ განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმაც“.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვას საქართველოდან”, – აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.

აფგან სადიგოვის დაკავებას გამოეხმაურნენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც. 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეეფარდა. აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ