რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს „მთის ამბებმა“ და „სტუდია მონიტორმაც“ მიმართეს
16.08.2024

დღეს, 16 აგვისტოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიების „მთის ამბები / საქართველოს ამბებისა“ და „სტუდია მონიტორის“ სახელით რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შევიდა.
 
„მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, სარჩელი რუსული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის 3 მუხლს: დისკრიმინაცია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებას შეეხება.
 
„სარჩელით რუსულ კანონს სადავოდ ვხდით საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-17 და 22-ე მუხლებთან მიმართებით. ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვითხოვთ რუსული კანონის მთელი რიგი მუხლების შეჩერებას.
სარჩელში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმ ეგზისტენციალურ საფრთხეებს, რასაც რუსული კანონი უქმნის გამომძიებელ ჟურნალისტებსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას,“ - წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში. 
 
„სტუდია მონიტორის“ რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის თქმით, რუსული კანონი გამოხატვის თავისუფლებას ებრძვის და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრიმინაციას ახდენს, ვინც კრიტიკულ კონტენტს ქმნის და ხელისუფლებისგან თავისუფალია.

„დიდი მოლოდინი არ გვაქვს. მგონია, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლო მაინც სისტემის ნაწილია. თუნდაც დავის მოგების შანსი 0.001% იყოს, არ გვაქვს უფლება არ გამოვიყენოთ. ამ კანონის უკან იმხელა უფსკრულია არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რომ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა ზურიაშვილმა.
 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ოთხი სარჩელი შევიდა.

17 ივლისს საკონსტიტუციოს სამოქალაქო სექტორმა მიმართა. 120-ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია რუსული კანონის გაუქმებასა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას ითხოვს. 

რუსულ კანონთან დაკავშირებით 18 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელიც დარეგისტრირდა.
 
ეს საქმე პრეცედენტულია, რადგან პრეზიდენტს აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არასდროს მიუმართავს და ასევე, მოსამართლეებს აქამდე არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე, რომლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგიანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ამავე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურ ორგანოებს შორის საკონსტიტუციო სასამართლოც მოიაზრება და „სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ინსტიტუტის ფუნქციაში შედის არაკონსტიტუციურად ცნოს ყველა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს და საფრთხეს უქმნის და ხელს უშლის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
 
29 ივლისს კი საკონსტიტუციო სასამართლოს 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.
 
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისს ამოქმედდა. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.
 

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ