კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების
წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით,
მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით
გზამკვლევი გამოაქვეყნა.
„გამოქვეყნებული დოკუმენტი საინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი იქნება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას კომუნიკაციების კომისიის როგორც ხედვები, ისე კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევაში, კომისიის მიდგომები,“ - ნათქვამია ComCom-ის განცხადებაში.
დოკუმენტში მიმოხილულია მაუწყებლებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები, ასევე, მაუწყებლების ვალდებულებები ფასიან და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, როგორც შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრული პერიოდის კუთხით.
გზამკვლევში ასევე განხილულია მედიის მიერ საარჩევნო საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი ნორმები, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საარჩევნო კოდექსისა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების მიხედვით
—------------------------------------------------------------------------------------------------
15 აგვისტოს ComCom-მა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენისა და „რუსულად" მოხსენიებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა, ხოლო პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის წერილობით გააფრთხილა POSTV-ი.
9 აგვისტოს კომისიამ პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის დაასანქცირა .„ალტ-ინფო“.
არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის - რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ გააფრთხილა ივლისშიც.
ივნისის თვეში კი ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარიც მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ,„ფორმულა“ და „კავკასია“ დაასანქცირა.
ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის საფუძველზე მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან, წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
რისთვის ასანქცირებს ComCom-ი ტელემედიის ნაწილს - ვრცლად გაეცანით „მედიაჩეკერის“ მიერ მომზადებული მასალას.