ქარტია საარჩევნო მედიამონიტორინგს იწყებს
26.08.2024


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მხარდაჭერით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საარჩევნო თემატურ მედიამონიტორინგს იწყებს.

მედიამონიტორინგისთვის შემდეგი 10 ტელევიზია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მთავარი არხი, რუსთავი2, პოსტვ. ფორმულა, ტვ პირველი, palitra news და კავკასია და 8 ონლაინ მედიასაშუალება: interpressnews.ge, radiotavisupleba.ge, primetime.ge, tabula.ge, netgazeti.ge, sputnik-georgia.com, publika.ge და news.on.ge შეირჩა.

"სამთვიანი მონიტორინგი მოიცავს, ტელევიზიების შემთხვევაში, 2024 წლის 27 აგვიტოდან 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში პრაიმთაიმში გადაცემულ ახალ ამბებსა და ტოკშოუს ფორმატის გადაცემებს, ხოლო ონლაინ მედიასაშუალების შემთხვევაში ამავე პერიოდში მათ ვებ-საიტებზე გამოქვეყნებულ იმ სარედაქციო მასალებს, რომლებშიც ფიგურირებენ მონიტორინგის სუბიექტები - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

მონიტორინგის ინტერესის საგანი იქნება ის, თუ რამდენად იცავენ მედიასაშუალებები ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს საარჩევნო თემატიკის გაშუქების დროს და რამდენად ხარისხიანია ის მედიაპროდუქტი, რომელსაც ისინი აწვდიან აუდიტორიას. მედიაპროდუქტები შეფასდება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ბალანსი, მიუკერძოებლობა, ჟურნალისტის/გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენებული ენა, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება და ფაქტების დროული გაშუქება. ქარტია დააკვირდება, ხომ არ ტოვებს რომელიმე მედიასაშუალება მნიშვნელოვან ახალ ამბავს ან ინფორმაციას, და ხომ არ ცდილობს ის აუდიტორიის მანიპულირებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. ქარტია ყურადღებას მივაქცევს იმასაც, თუ როგორ მგრძნობელობას იჩენს ესა თუ ის მედიასაშუალება გენდერული საკითხების გაშუქებისას",- ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

ინფორმაცია ქარტიის მიერ წინა წლებში განხორციელებული მედიამონიტორინგის პროექტების შესახებ და შესაბამისი ანგარიშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: მედიამონიტორინგი (qartia.ge)
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ