საკონსტიტუციო რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი 4 სარჩელის განხილვას იწყებს
29.08.2024


დღეს, 11 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი 4 სარჩელის განხილვას იწყებს.

კანონის, ოფიციალური სახელწოდებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა სადავო მათ შორის, 122-მა მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ და ორმა მედიაორგანიზაციამ, „საინფორმაციო ცენტრების ქსელმა" და „სტუდია მონიტორმა" გახადეს.

დღევანდელ განმწესრიგებელ სხდომაზე 122 მოსარჩელის მომხსენებლები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ( IDFI) იურისტი, გიორგი დავითური და საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე იქნებიან. 

2 მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი კი „მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, გელა მთივლიშვილი იქნება.
ამ ორი სარჩელის გარდა, რუსულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს საქართველოს პრეზიდენტმა და 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მიმართეს. 

"წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას", - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში. 

კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერებას.

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სწორედ, "ქართული ოცნების" დეპუტატები: ანრი ოხანაშვლი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე წარმოადგენენ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება კი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  საკანონდებლო მაცნეზე პირველ აგვისტოს გამოქვეყნდა. 

ორგანიზაციებს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 1 სექტემბერს ეწურებათ. შემდეგ კი იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს დაიწყებს, აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს" 25 000 ლარით დააჯარიმებს და მისი ნების მიუხედავად დაარეგისტრირებს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ