Amnesty International-ი აზერბაიჯანს სამადოვისა და სხვა კრიტიკოსების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
03.09.2024


Amnesty International-ი აზერბაიჯანში მთავრობის კრიტიკოსების დაკავებისა და დევნის წინასაარჩევნო ტალღას გმობს და ბაჰრუზ სამადოვისა და მთავრობის სხვა კრიტიკოსების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

„ჟურნალისტების და აქტივისტების მიზანში ამოღება სხვა არაფერია, თუ არა წინააღმდეგობის გაჩუმება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. განსაკუთრებით მათი, ვინც სომხეთთან მშვიდობის დამყარებას უჭერს  მხარს“, - ამბობს Amnesty International-ის მკვლევარი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ნატალია ნოზაძე.

OC media-ს კონტრიბუტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, ბაჰრუზ სამადოვი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა 21 აგვისტოს დააკავეს. ის სახელმწიფო ღალატის ბრალდებითაა დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12-20 წლით თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება

სამადოვის კოლეგები ვარაუდობენ, რომ მისი დაკავება საერთაშორისო მედიებში ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკულ სტატიებს უკავშირდება.

OC Media-ს თანადამფუძნებლისა და რედაქტორის, მარიამ ნიკურაძის თქმით, ბაჰრუზ სამადოვი მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლების ავტორიტარიზმს, ქვეყნის მილიტარისტულ რიტორიკასა და მიდგომებს და ეწინააღმდეგება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს. ასევე, ის ხშირად აქვეყნებს პუბლიკაციებს ქვეყნის შიდა ამბებზე, მთავრობასა და პოლიტიკაზე.

ნიკურაძის შეფასებით, სადამოვის დაკავების მიზეზი შეიძლება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე მისი მოსაზრებები გამხდარიყო. 

„ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ბაჰრუზის დაკავება მისსავე მოსაზრებებს უკავშირდებოდეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, რადგან ომის დროსაც კი, ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, რაც აზერბაიჯანისთვის საკმაოდ საკამათო პოზიციაა.

მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები ამობებნ, ბრალი ღალატში ედება… ეს ალბათ, კონფლიქტთან დაკავშირებული მოსაზრების გამოა და არა პოლიტიკური კრიტიკის გამო“.

24 აგვისტოს აზერბაიჯანში OC media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, სამად შიხი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაქოს აეროპორტში სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც თბილისში გამგზავრებას ცდილობდა.

აზერბაიჯანში დაკავებული OC Media-ს კონტრიბუტორების შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

„შესაძლოა, ბაჰრუზის დაკავება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე მის მოსაზრებებს უკავშირდებოდეს“, - OC Media-ის რედაქტორი

აზერბაიჯანში OC Media-ს მეორე კონტრიბუტორიც, სამად შიხი დააკავეს

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ