ISFED: კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის ინსტრუმენტალიზება არ მოხდეს
04.09.2024


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიაგარემოცაა მიმოხილული. 

ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში მედიის შეუფერხებლად მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, ჟურნალისტებს უსაფრთხო გარემოში უნდა მიეცეთ პროფესიული საქმიანობის ხელშეუშლელად განხორციელების შესაძლებლობა, რათა როგორც ტრადიციულმა, ისე ონლაინ მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება“.

ISFED-ის 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდის ანგარიშში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებიც მოხვდა. კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის შინაარსის მქონე ვიდეორგოლების ეთერში გაშვების გამო 7 მედიაორგანიზაცია გააფრთხილა ან დააჯარიმა.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ მოხდეს კომუნიკაციების კომისიის ინსტრუმენტალიზება და მის მიერ პოლიტიკური ინტერესების გატარება.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ამ შემთხვევაში [„მთავარი არხის“ დასანქცირება] კომუნიკაციების კომისიამ ვერ წარმოადგინა მყარი არგუმენტაცია, თუ რატომ იყო ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გაშუქებული ვიდეორგოლი პოლიტიკური რეკლამა, რითაც შექმნა სახიფათო პრეცედენტი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკი“.

კვლევის საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიასაშუალებების რამდენიმე ჟურნალისტსაც. ISFED-ის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ის შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისთვის აკრედიტაციის შეჩერებაა გათვალისწინებული, სადამსჯელო მექანიზმია. 

 „აღნიშნული ბრძანება არის სადამსჯელო მექანიზმი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომელიც ხელის შემშლელი ბარიერი შეიძლება იყოს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას“.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის როლი პოლიტიკურ, საკანონმდებლო და სხვა საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას მოიცავს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული საქმიანობის თანაბარი შესაძლებლობა ყველა მედიაორგანიზაციას მიეცეს. 

„ზემოთ დასახელებული მიდგომით, ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, როდესაც არჩევნების შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ამომრჩევლისა და საზოგადოების ინფორმირებაა“.

მონიტორინგის პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევაც მოხდა. მათ შორის იყო „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ვლადიმერ მენაბდესა და ოპერატორ მანუჩარ მჟავანაძეზე ძალადობის ფაქტი. თბილისში, დიდუბის ავტოსადგურზე დაესხნენ თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტებსაც. ISFED-ის ანგარიშში მოხვდა ვიტალი გუგუჩიას საქმეც. მას „პოსტვ“-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებიან. გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის ფაქტებზე, შესაბამისი უწყებების მხრიდან, დროული და ეფექტური გამოძიება მოხდეს, რათა ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში განხორციელების შესაძლებლობა მიეცეთ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო პერიოდი კი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე, 27 აგვისტოს დაიწყო.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ