TI: წინასაარჩევნო პერიოდში ComCom-მა და სასამართლომ კრიტიკული ტელევიზიები უსამართლოდ დააჯარიმა
20.09.2024


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კრიტიკული ტელევიზიების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილ ოქმებსა და სასამართლოს მხიდან ტელეკომპანიების დაჯარიმებას ეხმიანება.

რა ხდება?

„ქართულმა ოცნებამ“ ეროვნულ მაუწყებლებში წინასაარჩევნო რეკლამა განათავსა, რომელშიც უკიდურესად არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტშია ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ტელეკომპანია „მთავარმა“, კანონის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის საფუძვლით, რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე უარი თქვა, ხოლო „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ კი ის ეთერიდან მალევე ამოიღეს. ამის გამო კომუნიკაციის კომისიამ და მოგვიანებით სასამართლომ თითოეული ტელეკომპანია 5000 ათასი ლარით დააჯარიმა.

ტელეკომპანიებმა სასამართლოს ეს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ამის მიუხედავად  გუშინ, 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ ამ საკითხზე განმეორებით იმსჯელა და ტელეკომპანიებს კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ვარაუდობს, სასამართლო თითოეულ ტელეკომპანიას დამატებით, არანაკლებ 10 000 ლარით დააჯარიმებს.

სადავო სარეკლამო ვიდეორგოლში ფრაზის - „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას“ ფონზე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა პირების ფოტოებისგან შემდგარი კოლაჟი ჩნდება.

„ვიდეორგოლი მასში ასახულ ადამიანებს აქცევს სიძულვილის ჯგუფების სამიზნედ და აქეზებს მათ მიმართ ძალადობას, რაც საფრთხეს უქმნის მათ პირად უსაფრთხოებას, რის გამოვლინებასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ადრეც, მათ შორის, ახლო წარსულში“, - ვკითხულობთ TI-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ რეკლამა სამაუწყებლო ბადეში უფასო წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით არის განთავსებული, რაც მისი ჩვენების მაღალ ინტენსივობას  გულისხმობს, ეს კი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან რეკლამაში გამოთქმულ ბრალდებებზე პროპორციული პასუხის გაცემის შესაძლებლობას სრულიად არარეალურს ხდის. 

„მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოოდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. ხოლო, კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ქართული ოცნების“ მიერ განთავსებული რეკლამების არსებული სახით სამაუწყებლო ბადიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ” მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც.

„მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია და მისცეს საშუალება კრიტიკულ მედიას შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე მოვუწოდებთ სამთავრობო მედიებს, შეწყვიტონ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანიებში მონაწილეობა და მოხსნან ეთერიდან აღნიშნული ვიდეორგოლები“.

კომუნიკაციების კომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას „მედიაომბუდსმენიც“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, კომისიამ მმართველი პარტიის რგოლის განუთავსებლობის საბაბით სამი კრიტიკული მაუწყებელი: „ტელეკომპანია პირველი“,  „ფორმულა“, „მთავარი არხი“ განმეორებით დასაჯა.

ამასთან, „მედიაომბუდსმენის“ შეფასებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს, თუმცა, უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების შეზღუდვის ნაწილში მარეგულირებელმა კომისიამ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. 

„სამართალდარღვევის ოქმების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. სადავო საკითხებს შორისაა მესამე პირების უფლებების დარღვევის რისკები, რომლებიც „ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკური რეკლამის მიხედვით, ჩანან პოლიტიკური ანგარიშსწორების და აგრესიის სამიზნეები ხდებიან“.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს. 

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ