„ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობის გამო ComCom-მა
ტელევიზიებს ოქმი მეორედ შეუდგინა - სასამართლო 15:00-ზე
იმსჯელებს
„ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელევიზიას: „მთავარი არხი“, „TVპირველი“, „ფორმულა“ სამართალდარღვევის ოქმი გუშინ, 19 სექტემბერს მეორედ შეუდგინა, დღეს, 15:00 საათზე კი, ამ საქმეს სასამართლო განიხილავს.
როგორც „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ტელევიზიების იურისტებმა განაცხადეს, მათ საქმის მასალები დაახლოებით 13:30 წუთისთვის მიაწოდეს და ისინი დოკუმენტების გაცნობასა და 15:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე დასწრებას ფიზიკურადაც კი ვერ ახერხებენ.
„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის განცხადებით, ეს ტელევიზიებისთვის, რომლებმაც თავიანთი პოზიციაც უნდა წარმოადგინონ, გონივრული ვადა არ არის და ისინი ამ დროს უბრალოდ გზაში დაკარგავენ. ამასთან, „ერთი ქმედებისთვის ადამიანი არ შეიძლება ორჯერ დასაჯო “.
„ქართული ოცნების“ რეკლამის ეთერიდან ამოღებისთვის სასამართლომ პირველად „ფორმულა“ და „TV პირველი“ 5-5 ათასი ლარით 16 სექტემბერს დააჯარიმა, „მთავარი არხი“ კი „ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობის გამო 5 ათასი ლარით 13 სექტემბერს დაჯარიმდა. ტელევიზიები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.
„მედიაომბუდსმენი“ წინასაარჩევნოდ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს.
TI: წინასაარჩევნო პერიოდში ComCom-მა და სასამართლომ კრიტიკული ტელევიზიები უსამართლოდ დააჯარიმა - https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/98392-ti-tsinasaarchevno-periodshi-comcom-ma-da-sasamarthlom-kritikuli-televiziebi-usamarthlod-daajarima