IPI ბელარუსი ჟურნალისტისა და Aliq Media-ს ერთ-ერთი რედაქტორის საქართველოში არ შემოშვების ფაქტებს ეხმაურება
23.09.2024


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) საქართველოში ბელარუსი ჟურნალისტისა და Aliq Media-ს ერთ-ერთი რედაქტორის საქართველოში არ შემოშვების ფაქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 2022 წლიდან სულ მცირე 12 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელ ჟურნალისტებს უარი ეთქვათ.

„საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს აღნიშნული საკითხი და დაასრულოს ეს მავნე პრაქტიკა,“ - აღნიშნა IPI-ის ევროპის ადვოკატირებისა და პროგრამების ხელმძღვანელმა, ოლივერ მანი-კირლმა.

16 სექტემბერს ბელორუს ჟურნალისტს, ანდრეი მილეშკასა და მის ქალიშვილს, რომლებიც სამი წელია საქართველოში ცხოვრობენ, პოლონეთში მოგზაურობის შემდეგ, ქვეყანაში ხელახლა შესვლის უფლება არ მიეცათ.

„ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის (BAJ) ცნობით, მილეშკამ ქვეყანა პოლიტიკური დევნისგან თავის დასაღწევად დატოვა და ბოლო სამი წელია საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მილეშკას ცოლი და მეორე შვილი ჯერჯერობით საქართველოში რჩებიან, სადაც მათი მომავალი გაურკვეველია“.

17 სექტემბერს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და შემდეგ დღეს სომხეთში უნდა წასულიყო, საქართველოში არ შემოუშვეს. 

არსენ ხარატიანი თბილისის აეროპორტში 11 სექტემბერსაც დააყოვნეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ საზღვრის კვეთის უფლება მისცეს. მაშინ, ისევე როგორც ახლა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად შსს-ს გადაწყვეტილებაში მითითებული აქვს: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

ხარატიანი 2018 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველიც იყო. ის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაში საქმიანობს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ