ონლაინ მედიის ნაწილს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღებაზე პრობლემები ექმნება
23.09.2024


სასამართლო სხდომის გაშუქების საკითხს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს, შესაბამისი ჩანაწერი კი მხოლოდ საერთო საეთერო მაუწყებლებს ეხებათ. პროცესის გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს და თუ ის ამ უფლებამოსილებას არ იყენებს, გადაღების უფლებით სარგებლობა სხვა მაუწყებელს შეუძლია. 

პროცესის ფოტო, ვიდეო გადაღების უფლების მისაღებად მედიის წარმომადგენელს განცხადების წარდგენა წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეუძლია. ნებართვის გაცემა კი სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის საფუძველზე ხდება.

პროცესის გადაღების უფლებას, როგორც წესი, ონლაინ მედიის წარმომადგენლებიც ითხოვენ და როგორც „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ისინი ჰყვებიან, ხშირად იღებდნენ კიდეც. 


როგორ იცვლება სასამართლოს პრაქტიკა

ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ სასამართლომ ფოტოგადაღების უფლება უკვე რამდენჯერმე არ მისცა. გამოცემის რედაქტორის, ნათია ამირანაშვილის ცნობით, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა, როდესაც რედაქციას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის პროცესზე ფოტოს გადაღების უფლება არ მიეცა. 

„ეს უარი სასამართლოს პრესამსახურმა გადმოგვცა და შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მაქვს ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ინდივიდუალურად, პრესსამსახურის მიერ და ამას ამყარებს ის, რომ უშუალოდ მოსამართლეს პროცესზე არ უხსენებია „პუბლიკა“ და არ განუმარტავს ჩვენთვის, თუ რა დაედო მის გადაწყვეტილებას საფუძვლად“.

ამ სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას წერილობითი განმარტების მისაღებადაც მიმართა. ნათია ამირანაშვილს ვარაუდს, რომ გადაწყვეტილებას, ვის მისცეს ფოტოგადაღების უფლება, პრესსამსახური ერთპიროვნულად იღებს, მეორე დღეს მომხდარი ამბავიც უმყარებს. 

როგორც ჟურნალისტი ჰყვება, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კიდევ ერთი მონაწილის პროცესის ფოტოგადაღების უფლების მისაღებად განცხადების გაგზავნის შემდეგ, სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელი რედაქციას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ამ უფლებას ვერ იღებდნენ, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსამართლეს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.

„როდესაც პრესსამსახურმა დაგვირეკა, თავიდან მივიჩნიეთ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. მოვიაზრებდით, რომ ნებართვის გაცემის პროცესი ასეთი იყო, რომ განცხადების გაგზავნის შემდეგ ის მოსამართლესთან მიდიოდა და ის იღებდა გადაწყვეტილებას, მოგვცემდა თუ არა ნებართვას. შემდეგ კი პრესსამსახური უბრალოდ გადმოგვცემდა მის მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ უარის შემდეგაც, სასამართლოში წერილობითი მოთხოვნა გავგზავნეთ, რომ უარის  შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა, კანონის რომელი ჩანაწერით გვეუბნებოდნენ უარს და ა.შ.. 

ამ წერილის გაგზავნიდან მალევე კი, ჩვენს ფოტოგრაფს მოსამართლის თანაშემწემ დაურეკა და უთხრა, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ გაგვიცია; მოთხოვნა რომ ფოტოგადაღება გინდათ, არ გვინახავს და ვინ გითხრათ ამის შესახებო.

ამ კომუნიკაციიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ განცხადება ფოტოგადაღების მოთხოვნაზე მოსამართლემდე საერთოდ არ მისულა და პრესსამსახურმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ პროცესზე გადასაღებად მაინც მივედით და მოსამართლემ ფოტოგადაღების უფლება მოგვცა“.

ნათია ამირანაშვილმა კანონის ის მუხლი, რომელიც პროცესის გაშუქებას არეგულირებს, იცის, თუმცა, აინტერესებს, რატომ ცვლის სასამართლო დადგენილ პრაქტიკას.

„კანონის მიხედვით ნამდვილად ასეა. მათ შორის ფოტოგადაღების უფლებაც საერთო მაუწყებლებს აქვთ, თუმცა, სასამართლოს ბოლო წლების პრაქტიკა იყო ასეთი, რომ ვიდეოს ჩაწერის უფლებას აძლევდნენ მხოლოდ ტელემედიას, მაგრამ ფოტოგადაღების ნებართვას ონლაინმედიის წარმომადგენლებიც ვიღებდით.

თუ ასე გაგრძელდა და სასამართლომ მსგავსი პრაქტიკა დაამკვიდრა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება და ფაქტი სახეზეა, რომ ეს დადგენილი პრაქტიკა, რაც აქვს, ჩვენთვის უარესდება“.

რამდენიმე სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების უფლება არ მისცეს „რადიო თავისუფლებასაც“. ჟურნალისტი ნასტასია არაბული „მედიაჩეკერთან“ საუბრისას იმ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული წიგნების ქურდობაში (ტრანსნაციონალური დანაშაული) ბრალდებული ქართველების საქმის განხილვისას ფოტოგადაღების უფლება არ მიეცა. 

„მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაც დაწერილი გვქონდა და ჩვენ გარდა დარბაზში სხვა მედია არც იყო, მაუწყებლების უპირატესობით რომ ახსნილიყო უარი, ფოტოგადაღების უფლება არ მოგვცეს“.

აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე ფოტოს გადაღების უფლება არ მიეცა „რადიო თავისუფლების“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, გელა ბოჩიკაშვილს. 

„ეს იყო „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილის საქმე, რომელსაც ბრალად პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება და ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება ედება. 

სხდომაზე შესვლამდე პრესამსახურმა ზეპირსიტყვიერად გვითხრა, რომ გადაღების უფლების მიცემა მოსამართლის კეთილი ნებაა და კანონში ჩანაწერი, რომელიც ონლაინმედიას ამის უფლებას აძლევს, არ არისო. სხდომის დასრულების შემდეგ, მოსამართლესაც [ზვიად შარაძე] ვკითხე და მანაც ანალოგიურად მიპასუხა“.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მანამდე, მათ შორის კორონა ვირუსის დროსაც კი, როდესაც სხდომები იმართებოდა, არსებული რეგულაციების მიუხედავად, ვინც გადაღებაზე ნებართვას ითხოვდა, სხდომაზე უშვებდნენ.

კანონში არსებულ ჩანაწერზე აკეთებს აქცენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელიც, თუმცა, ქეთი ბასილაშვილი ამბობს იმასაც, რომ ყველა სხდომის მოსამართლე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს. 

„კანონშია ეს ჩანაწერი, უბრალოდ ზოგიერთი მოსამართლე უფრო ლოიალურად უდგება, ზოგი მოსამართლე კი კანონის ჩანაწერს ზუსტად იცავს. აქამდეც ყველა არ აძლევდა [ფოტოგადაღების] უფლებას, ზოგიერთი მოსამართლე კი ფოტოსთან დაკავშირებით პრობლემას არ ქმნიდა. ყველა სხდომის მოსამართლე მის სხდომაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს“.

„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის შეფასებით, ფოტოგადაღების უფლების შეზღუდვა სასამართლოს მავნე პრაქტიკაა, რითაც ონლაინ მედიას საქმიანობა ურთულდება.

„ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, უნდა ითქვას, რომ ეს პრაქტიკა შეიცვალა და ახლა ამის[ფოტოგადაღება] უფლებას არ აძლევენ. ეს არის მავნე პრაქტიკა, რითაც კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი იქმნება, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს როგორმე ხელი შეუშალონ და ჟურნალისტური საქმიანობა გაურთულონ. ონლაინ მედიების დევნა ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ამ გადაწყვეტილებითაც იგივე ტენდენცია იკვეთება“.


საკონსტიტუციო დავა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასამართლო პროცესის გადაღება მხოლოდ საერთო მაუწყებლებს შეუძლიათ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „საინფორმაციო ცენტრების ქსელმა“. გასაჩივრებული ნორმები ონლაინ მედიას სასამართლო პროცესის გადაღებას/პირდაპირ ეთერში გაშვებას მაშინაც კი უკრძალავს, როდესაც პროცესს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ან სხვა საეთერო მაუწყებელი არ ესწრება. 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას ეწინააღმდეგება. ამასთან, ინტერნეტმედიასა და სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიოვიზუალური მასალის მოპოვებისა და გავრცელების მსგავსი სამართლებრივი ინტერესი გააჩნია და რადგან ეს ნორმა ინტერნეტმედიის მიერ სხდომის გაშუქების შესაძლებლობას გამორიცხავს, დისკრიმინაციულ მოპყრობას იწვევს და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება.

„არასდროს არსად, არც საქალაქო, არც სააპელაციო და არც რაიონულ სასამართლოში არ მოუციათ ჩვენთვის, ონლაინმედიისთვის ფოტო ვიდეოგადაღების უფლება. როცა მოსამართლეს წერილობით მივმართავდით გადაღების თხოვნით, ჩვენს განცხადებას არ აკმაყოფილებდა და მიგვითითებდა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 (პრიმა 1) მუხლით, ასეთი უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ან მისი არყოფნის შემთხვევაში, სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს აქვს. ონლაინმედიას კი ლიცენზირება/ავტორიზაცია არ აქვს“, - აღნიშნავს „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ მთივლიშვილის სარჩელი განიხილა, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

 

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ