TI: აღსრულების ბიურომ „რუსთავი 2“-ისგან განხვავებით, „TV პირველის“ შემთვევაში აღსრულების პროცესი მყისიერად დაიწყო
24.09.2024


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, ორგანიზაცია წლებია ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე მუშაობს და დღემდე, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოში 400-მდე ჟურნალისტის, მათ შორის 2019 წელს მენეჯერის ცვლილების შემდეგ „რუსთავი 2“-დანგათავისუფლებული 140-მდე ჟურნალისტის საქმეს სწავლობს. 

TI-ის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიურო „რუსთავი 2“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტებისთვის კუთვნილი კომპენსაციის გადახდის აღსრულებას აჭიანურებს. „TV პირველის“ შემთხვევაში კი, აღსრულების ბიურომ პროცესი მყისიერად დაიწყო.

„ამ დროისათვის, საქმეების ნაწილი მორიგებით დასრულდა, ნაწილი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში კვლავაც მიმდინარეობს, ხოლო 23 ჟურნალისტის უკვე მოგებულ საქმესთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართეთ.

სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწვეტილებას ნებაყოფლობით არც ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ასრულებს და არც აღსრულების პროცესი მიმდინარებს ეფექტიანად. დავალიანების დასაფარად დღემდე არ მომხდარა მოვალის ქონების შეფასება - რეალიზება, ნაწილ საქმეებთან მიმართებით კი, სავალდებულო მოქმედებებიც - მოვალეთა რეესტრში შეყვანა, ქონებაზე ყადაღა-ინკასო - დაგვიანებით განხორციელდა. საქმე ეხება ფაქტობრივად ნამუშევარი ხელფასის ანაზღაურებას, რაც ჯამში ათობით ათას ლარს შეადგენს და რომლის გადახდასაც „რუსთავი 2-ს“ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ავალდებულებს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით ორგანიზაციამ არაერთი დამატებითი წერილითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

„ეს იმ ფონზე, როდესაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხელისუფლებისადმი კრიტიკული „ტელეკომპანია პირველის“ შემთხვევაში, პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციასა და ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიმართვების საფუძველზე აღსრულების პროცესი მყისიერად დაიწყო და ტელევიზიას სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იძულებით აღსრულებაზე გააფრთხილა“.

TI-ის თქმით, ბიუროს მიდგომა ხელისუფლების ორმაგი სტანდარტის მკაფიო მაგალითია, რომლის მიზანიც მათდამი ლოიალური ტელემაუწყებლისთვის სასათბურე პირობების შექმნა და ფინანსური წნეხის გზით, კრიტიკული მაუწყებლების დასუსტებაა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთ ნათელ გამოვლინებას წარმოადგენს, როდესაც სახელმწიფო უწყება საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს არა კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ მმართველი გუნდის ინტერესების მიხედვით.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ