მედიის აკრედიტაციის წესები საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისთვის
30.09.2024


„მედიაომბუდსმენმა“ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისთვის მედიის აკრედიტაციის წესები მოამზადა.

26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გაშუქების უფლება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების იმ წარმომადგენლებს აქვთ, რომლებმაც აკრედიტაცია გაიარეს.

საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ანიჭებს. მათ აკრედიტაციის მიღება 21 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. 

  • რა დოკუმენტებია საჭირო აკრედიტაციის მისაღებად და რა ვადაში ხდება განცხადების განხილვა ?

აკრედიტაციის გავლისთვის საჭირო წერილობით განცხადებას უნდა ერთოდეს მედიი სწარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები.

ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში, განცხადებას უნდა ერთოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში და მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები.

თუკი განცხადებას წარადგენს მედიაორგანიზაცია, მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის თანამშრომლების სახელები და გვარები, რომლებზეც უნდა გაიცეს აკრედიტაცია. დანართის სახით წარდგენილი უნდა იყოს მითითებული ჟურნალისტების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოურ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.

განცხადების განხილვა ხდება ორი დღის ვადაში. გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი დღის ვადაში აკრედიტებულ წარმომადგენელებს გადაეცემა სათანადო მოწმობა.

  • რა ხდება აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში და როგორ ხდება განკარგულების გასაჩივრება?

მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ერთი დღის ვადაში განცხადების შემომტანს გადაეცემა სათანადო განკარგულება. უარის თქმის შემთხვევაში განკარგულება უნდა იყოს დასაბუთებული.

მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

- პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ;

- საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში;

- დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. აკრედიტაციაზე უარის თქმის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

  • რა უფლებით სარგებლობენ ჟურნალისტები და ოპერატორები აკრედიტაციის გავლის შემდეგ და მედიის რამდენი წარმომადგენელი შეიძლება იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში?

შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, ამასთან საარჩევნო პერიოდში განმავლობაში დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს.

არჩევნების (კენჭისყრის) დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა მედიის წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა.

„მედიაომბუდსმენის“ მასალას ვრცლად გაეცანით აქ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ