„იმედმა“ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა
01.10.2024


„"ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დაპირებები. ხელისუფლება რუსეთს მიემხრო და მან იძალადა მშვიდობიან მომიტინგეებზე,“
- ამ სიტყვებით იწყება ის ფასიანი საარჩევნო ვიდეორგოლი, რომლის განთავსებაზეც ტელეკომპანია „იმედმა“ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ უარი უთხრა.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მაკა ლომიძემ 26 სექტემბერს მისწერა. „იმედი“ კოალიციისთვის გაგზავნილ წერილში უარის შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგნაირად განმარტავს:

„დასაწყისიდან პირველი 6 წამის განმავლობაში რამდენიმე ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც იმგვარად ჟღერდება და ტოვებს ისეთ აღქმას, თითქოს დადგენილი უტყუარი ფაქტებია“.

ტელეკომპანიამ სხვა სუბიექტის - „კოალიცია ცვლილებისთვის“ სააგიტაციო მასალად მიიჩნია რუსული კანონის 2023 წლის საწინააღმდეგო აქციის დაშლის დროს გადაღებული კადრებიც. 

„რგოლის დასაწყისში არის კადრი, სადაც ჩანს ქ.თბილისში გამართულ აქციაზე მყოფი ქალბატონი ევროკავშირის დროშით - ნანა მალაშხია და აღნიშნულ კადრს ერთვის ფრაზა, „მან იძალადა მშვიდობიან მომიტინგეებზე“. შესაბამისად, მოცემულ რგოლში ნანა მალაშხია წარმოჩენილია, როგორც ძალადობის ადრესატი, დღეის მდგომარეობით კი იგი წარმოადგენს მპს „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ წევრს და საპარლამენტო სიის ოცეულის პირველ ნომერს, შესაბამისად თქვენს მიერ წარმოდგენილ ვიდეო რგოლში მისი ამგვარი წარმოჩენა ემსახურება სხვა სხვა პარტიის სააგიტაციო მიზნებს, რაც აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 186-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად“.

„იმედი“ დათანხმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მეორე ფასიანი საარჩევნო ვიდეორგოლის განთავსებას.

„ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელევიზიას: „მთავარი არხი“, „TVპირველი“, „ფორმულა“ სამართალდარღვევის ოქმები ორჯერ გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი 5-5 000 ლარით დააჯარიმა და სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა.

წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით მედიების დაჯარიმებებზე, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ