აფგან სადიგოვის დაკავებიდან 2 თვე გავიდა, ჟურნალისტი მე-13 დღეა შიმშილობს
03.10.2024
ფოტო: „მთავარი არხი", 19 ივნისი


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის თბილისში დაკავებიდან 2 თვე გავიდა. მას საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა.

თბილისში დაკავებულმა ჟურნალისტმა 21 სექტემბრიდან შიმშილობა დაიწყო და უკვე 13 დღე გავიდა. აფგან სადიგოვის მეუღლის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მისი საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო.

„ბოლოს რომ ველაპარაკე, მითხრა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, თითქოს, ვკვდებიო. დღეს უნდა დაერეკა ჩემთვის და არ დაურეკავს, ალბათ, მდგომარეობა ძალიან მძიმეა და არ შეუძლია. მისი საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო.

ბოლოს, როცა აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფებოდა, 242 დღე შიმშილობდა. ექიმმა უთხრა, რომ კარგად უნდა იკვებოს, რადგან ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაში გაქვსო. ამ შიმშილობამ შეიძლება მოკლას. მას ამის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვს. თუ კანონი არ მუშაობს, ადამიანს სჭირდება, რომ რამე მოიმოქმედოს“. 

როგორც სევინჩ სადიგოვა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, ხელისუფლება ალიევის ბრძანებას ასრულებს. 

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ალიევის ბრძანებას ასრულებს. აფგანი უნდა განთავისუფლდეს, მაგრამ საქართველოს მთავრობას ალიევი არ აძლევს უფლებას, რა უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი“.

აფგან სადიგოვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე მიმართა ორგანიზაციამ - “უფლებები საქართველო”. ორგანიზაციის შეფასებით, შიმშილობის გამო წინასწარ პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. 

“უფლებები საქართველოს” იურისტები აფგან სადიგოვს დღეს და გუშინ შეხვდნენ. მათი შეფასებით, სადიგოვის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა თვალშისაცემია, მას უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება. აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს სახალხო დამცველიც.   

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 


აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ