„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მხარს უჭერს ტელეკომპანიების:
„ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“
გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ „ქართული
ოცნების“ არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი
ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც
„კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი,
ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის
ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას“.
ქარტიის განცხადების თანახმად, ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინელ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.
გუშინ, 5 ოქტომბერს, ტელეკომპანიებმა: „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ „ამორალური“ ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე,“ - აღნიშნულია ტელეკომპანიების ერთობლივ განცხადებაში.
ტელევიზიების გადაწყვეტილებას „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“ გამოეხმაურა. ორგანიზაცია დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სოლიდარობას უცხადებს და გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, რომელიც „ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის“ და მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალებების („მთავარი არხის“, „TV პირველი“ და „ფორმულას“) მიმართ მმართველი პარტიის პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.
ორგანიზაციის თქმით, მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას ასახავს. „კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“.
„მედიაომბუდსმენის“ მიერ გასაჯაროვებული წერილებიდან კი ირკვევა, რომ ტელეკომპანიებმა („მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“) „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებამდე, 4 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიას მიმართეს.
ტელეკომპანიები ითხოვდნენ, ComCom-ს მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული ვიდეორგოლის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და განთავსების შესახებ.
კომუნიკაციების კომისიამ სამივე ტელევიზიას იდენტურად უპასუხა: „კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესის მიღმა, შეაფასოს კონკრეტული მასალა და გასცეს მის ეთერში განთავსების/განუთავსებლობის შესახებ რეკომენდაცია“.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერებით - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ 26 სექტემბერს გამოჩნდა. ამავე ბანერებზე საქართველოს პარალელურად, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები. მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა ამავე შინაარსის ვიდეორგოლიც.
„ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელევიზიას: „მთავარი არხი“, „TVპირველი“, „ფორმულა“ სამართალდარღვევის ოქმები ორჯერ გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი 5-5 000 ლარით დააჯარიმა და სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა.
წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით მედიების დაჯარიმებებზე, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:
- „იმედმა“ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა
- ტელევიზიებმა „ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობისთვის მიღებული ჯარიმები სააპელაციოში გაასაჩივრეს
- „ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 ათასი ლარით მეორედ დააჯარიმა
- „ქართული ოცნების“ რეკლამის ეთერიდან ამოღებისთვის სასამართლომ „ფორმულა“ და „TV პირველი“ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა
- ComCom-მა „ქართული ოცნების“ რეკლამის ეთერიდან ამოღებისთვის „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა