სამოქალაქო საზოგადოების განცხადება: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა
09.10.2024


სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს.

„სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია - კონსტიტუციის დაცვა.“ 

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აგრძელებენ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. 

„ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო ინსტიტუტებში, და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას“.

სამოქალაქო საზოგადოება მადლობას უხდის იმ ორ მოსამართლესაც [გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში] განსხვავებული აზრისთვის, რომლებმაც რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი ნაწილობრივ განსახილველად მიიღო.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ