კომუნიკაციების კომისიამ „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური
საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო ტელეკომპანია „ფორმულა“
სამართალდამრღვევად სცნო და ოქმი შეუდგინა.
კომისიის განცხადებით, „ფორმულამ“ შესაბამისი წერილით 1 ოქტომბერს მიმართა. ტელეკომპანიამ კომისიას „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული 5 კვლევის შედეგი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, „გახარია საქართველოსთვის“ 4%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობებით, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ხუთი, ან არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული ერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით.
ამასთან, მაუწყებელი ვალდებულია გადაამოწმოს, რომ კვლევა ჩატარებულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად“, - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.
როგორც ComCom-ი წერს, „ფორმულას“ კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მან შეისწავლა ან გადაამოწმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და დარწმუნდა, რომ ის კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, არ წარუდგენია.
აქედან გამომდინარე, კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი კანონდარღვევით მიანიჭა და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.