„გახარია საქართველოსთვის“ კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის
11.10.2024


პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კომუნიკაციების კომისიას სასამართლოში უჩივის. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს რეკლამის განთავსების საშუალებს არ აძლევს, ვინც განათავსა კი, მათ დასჯის მიზნით, სამართალდამრღვევად ცნობს. 

„კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება. 

დღეს ჩვენმა გუნდმა - პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, კომისიის და ბექაურის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, ოფიციალურად მიმართა სასამართლოს.  

კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევად ცნობს მათი დასჯის მიზნით. კომისიის აღნიშნული ქმედება გვართმევს საარჩევნო კამპანიის სამართლიან მედიაგარემოში წარმართვის შესაძლებლობას“. 

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია დაბლოკილი ჰყავს ტელეკომპანია „იმედსაც“, „ეს მაშინ, როცა უდიდეს საეთერო დროს უთმობენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეთერში შეუფერხებლად გადმოსცემენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან“.

მეზვრიშვილის შეფასებით, ეთერების დახურვა მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და უსამართლო საარჩევნო გარემოს ქმნის. 

„მოვუწოდებთ, „ოცნებას“ და მის პარტიულ ტელევიზიას „იმედს“, სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში, როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად. 

მოვუწოდებთ სასამართლოს - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა. დროულად მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და მოგვეცით მედიასივრცით სარგებლობის შესაძლებლობა.

კახა ბექაურს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ყველა მსგავს უკანონობაზე პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული“.

ComCom-მა გუშინ, 10 ოქტომბერს „ გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების გამო „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. 

კომისიის გადაწყვეტილებას გუშინვე გამოეხმაურა გიორგი გახარია, რომელმაც თქვა, რომ ComCom-ი პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს. გახარიამ პერსონალურად მიმართა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესაც:

„ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება ძალიან მარტივი და სწრაფი გზაა გამდიდრებისკენ, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი უწყებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მინდა, გავაფრთხილო, პირადად მე, გიორგი გახარიამ, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა და ვერავისთვის უკან გასასვლელი კარი ვერ იქნება".

გიორგი გახარიას განცხადება მუქარად და შანტაჟად მიიჩნია კახა ბექაურმა: „გახარიას მცდელობა აქვს მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინოს მუქარის და შანტაჟის გზით. ეს არ არის ის გზა, რომელიც სასურველ შედეგს მიაღებინებს. 

გახარიას მსგავსი დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკური ელემენტები ჩემს ცხოვრებაში მრავლად შემხვედრიან, მათ შორის წინა ხელისუფლებაშიც. გახარია არც პირველია და არც უკანასკნელი. მსგავს მუქარებს ჩემს საქციელზე და გადაწყვეტილებებზე გავლენა არც წარსულში მოუხდენია და ვერც მომავალში მოახდენს“.

გიორგი გახარიამ მიმართა ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2-საც“, რომ მათი პოლიტიკური რეკლამა ეთერი გაუშვან. „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრეს „ძლიერ საქართველოსაც“. კოალიცია მათ წინააღმდეგ ComCom-ს მიმართავს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ