„ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 000 ლარით დააჯარიმა
11.10.2024


„ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 000 ლარით დააჯარიმა. ComCom-მა ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმები, მმართველი პარტიის საჩივრის საფუძველზე, 9 ოქტომბერს შეუდგინა.

„ქართული ოცნება“ ამ ტელევიზიებისგან იმ უფასო პოლიტიკური რეკლამის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“)  ეთერში გაშვებას ითხოვს, რომელშიც საქართველოს საპირწონედ, შავ-თეთრ ფერებში რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები. 

ტელეკომპანიებმა 5 ოქტომბერს ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. მათ გადაწყვეტილებას მხარი სამოქალაქო საზოგადოების არაერთმა ორგანიზაციამ დაუჭირა.

„ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ ამ სამ ტელევიზიას სამართალდარღვევის ოქმები ორჯერ გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი 5-5 000 ლარით დააჯარიმა და სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა.

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ „იმედმა“ გუშინ, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპოზიციის რეკლამებს ეთერში აღარ გაუშვებს, სანამ ტელევიზიები („ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ TV პირველი“)  „ქართული ოცნების“ ვიდეოებს არ განათავსებენ, ამ გადაწყვეტილებას იზიარებს POSTV-იც.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ