სახალხო დამცველი: მედია არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს
11.10.2024


სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამთავრობო მედიის, POSTV-ის იმ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ტელევიზიის ჟურნალისტი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, რატომ მალავს „სომხურ წარმომავლობას“.

„მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა,  ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მოქალაქე რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად, ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ“, - წერს იოსელიანი.

დღეს, 11 ოქტომბერს POSTV-იმ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე - „POSTV - ანალიტიკა“ არმენოფობიური შინაარსის მასალა გაავრცელა. 

გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში POSTV-ის ჟურნალისტი კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მისი წარმომავლობის შესახებ უსვამს კითხვებს. „ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამისი აღიარება?" - მიმართავს ჟურნალისტი ხაზარაძეს და ამატებს: „სომხები ხო ჩვენი მოძმე ერი არიან, საუკეთესო ხალხი, რატომ გრცხვენიათ ამისი აღიარება“.

42-წამიან ვიდეოს თან ახლავს შემდეგი ტექსტიც: „მალავს თუ არა ხაზარაძე საკუთარ წარმომავლობას?! - კავშირს იმ ერთან რომელთანაც ქართველებს მრავალსაუკუნოვანი ძმობა და ისტორია აკავშირებს, ხოლო თბილისელი სომხები ქალაქის განსაკუთრებულ კოლორიტს წარმოადგენენ?!“

10 ოქტომბერს „ძლიერი საქართველო“ ამომრჩევლებთან შეხვედრას კახეთში, ქალაქ თელავში მართავდა, სწორედ იქაა ჩაწერილი ეს ვიდეოც. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტია. POSTV კი, ამ ვიდეოს გამოქვეყნებით ეთნიკური წარმომავლობის მამხილებელ კომპრომატად გამოყენებას ცდილობს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის შეფასებით, „ეთნიკური უმცირესობების უცხოდ მონიშვნა, მათი მოქალაქეობის გაუქმება, არმენოფობია, ეთნო-ცენტრიზმი - 90-იანი წლების რეპრესიული და შავი ქართული ნაციონალიზმის მთავარი დისკურსების გაცოცხლებას უშვებს ქართული ოცნების ხელისუფლება“.

ვრცლათ ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალაში: POSTV პოლიტიკოსის დისკრედიტაციას არმენოფობიური კონტექსტით ცდილობს

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ