„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ხარაგაულის მერის მიერ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს გმობს.
ქარტიის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეშობა და ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ უდიერი დამოკიდებულება უკვე სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა.
„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლთა მსგავსად, ძალას არ იშურებენ ჟურნალისტების უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად და მოსახლეობაში მედიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ ნდობის შესარყევად. ისინი ჟურნალისტებს საჯაროდ მიმართავენ შეურაცხმყოფელი და მასტიგმატიზირებელი ეპითეტებით, აკნინებენ მათ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაუსაბუთებლად და უსამართლოდ სდებენ მათ ბრალს მიკერძოებულობასა და ანგარებაში. ამ დროს ისინი ინსტრუმენტად იყენებენ რუსულ კანონს, რომელმაც ნოყიერი ნიადაგი შექმნა მედიის შესავიწროებლად და საზოგადოებრივი პროცესებიდან გასარიყად მათი „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად“ მონიშვნით".
ხარაგაულის მერმა, კობა ლუსმანაშვილმა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე არ დაუშვა და მასთან კამათისას გამოიყენა ფრაზა: „მიყიდული, გაყიდული“.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ სოლიდარობას უცხადებს ლაურა გოგოლაძეს და „ჩემი ხარაგაულის“ გუნდს, კობა ლურსმანაშვილს კი შეახსენებს, რომ „ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლით ის არღვევეს კანონს და სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაციის გარეშე ტოვებს იმ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებზე ზრუნვაც მისი პირდაპირი და მთავარი მოვალეობაა".
ორგანიზაცი ხარაგაულის მერს მოუწოდებს, შეცვალოს
რიტორიკა ადგილობრივი მედიის მიმართ და ადგილობრივი ჟურნალისტები
ყველა იმ ღონისძიებასა და საჯარო სივრცეში დაუშვას, სადაც მათ ყოფნის
უფლება კანონით აქვთ.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული
დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი
ჟურნალისტია.