მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ უცხოური მედიაც გამოეხმაურა
21.10.2024



ფოტო - „მედიაჩეკერი"/ ბაჩანა საჯაია


გუშინ, 20 ოქტომბერს გამართულ პროევროპულ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ არაერთი უცხოური მედიასაშუალება გამოეხმაურა.

„თბილისში პროევროპულ მარშზე მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია France 24 -მა. როგორც France 24-ი წერს, შაბათს [26 ოქტომბერს] პროდასავლური ოპოზიციური ძალების უპრეცედენტო ალიანსს დაუპირისპირდება „ქართული ოცნება“, რომელსაც ბრიუსელი ავტორიტარიზმსა და ევროპული გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს.

„ათიათასობით დემონსტრანტი აფრიალებდა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს და ეჭირათ ბანერები, რომლებზეც ეწერა „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, - აღნიშნულია სტატიაში.

Aljazeera-მ გუშინ გამართულ აქციაზე სტატია გამოაქვეყნა სათაურით - „ქართველები, არჩევნების წინ, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად გამოდიან“. Aljazeera მოახლოებულ არჩევნებს განიხილავს როგორც გადამწყვეტ გამოცდას, ქვეყნის დემოკრატიისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის.

პროევროპულ მარშს გამოეხმაურა Reuters-იც. „ევროკავშირმა გასულ წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რაც საბოლოო წევრობისკენ პირველი ნაბიჯია, მაგრამ ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაისში მიიღო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც კრიტიკოსების თქმით, იმის მტკიცებულებაა, რომ გეზი რუსეთისკენ არის აღებული“, - ვკითხულობთ სტატიაში.

მარშზე სტატია მოამზადა Voice Of Americam-მაც. როგორც VOA წერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც განიხილება, როგორც გადამწყვეტი გამოცდა, ქვეყნის დემოკრატიისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის, ათიათასობით ქართველმა პროევროპული მიტინგი გამართა.  

გუშინ თბილისში გამართული პროევროპული მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციას Visioner-ის ინფორმაციით, 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ