შენიშვნა: ქავერზე გამოყენებულია Ezz Gaber-ის 20
ოქტომბრის აქციის ამსახველი ფოტო.
ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს „მთის
ამბები“ და „ტვ პირველი“ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“
ძველი აქციების კადრებით აშუქებს.
სამთავრობო მედიამ დღეს, 21 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მასალა სათაურით - „„მთის ამბები“ და „ტვ პირველი“ ოპოზიციის პრაიდზე მისული ხალხის სიმცირის გამო, ძველი აქციების კადრებს იყენებენ“. როგორც „იმედი“ წერს, „იმ მიზეზით, რომ 20 ოქტომბერს, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშს მოსახლეობის მცირე რაოდენობა შეუერთდა, აღნიშნულ მედიასაშუალებებს, ხალხის სიმრავლის წარმოსაჩენად ძველი კადრების გამოყენება მოუხდათ“.
იდენტური შინაარსით მასალა გამოაქვეყნა
Postv-მაც. „იმედზე“ დაყრდნობით კი, ინფორმაცია
გაავრცელეს
newshub-მა, kvira.ge-მ და
digest.ge-მ. სამთავრობო მედიასაშუალებებმა
შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი იდენტური ქარდები გამოაქვეყნეს
ფეისბუკის საკუთარ გვერდებზეც.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ მოგვიანებით სოციალურ ქსელში
გამოქვეყნებული ქარდი შეცვალა, კოლაჟიდან „მთის ამბების“ ფოტო წაშალა
და „ტვ პირველის“ საარქივო მასალის ე.წ. სქრინით ჩაანაცვლა.
„ტვ პირველს“ მასალის - „პროტესტის გზა“ აღწერაში თავად აქვს მითითებული, რომ მაყურებელი ვიდეოში სხვადასხვა აქციის კადრებს ნახავს. ეს საკუთარ მასალაში „იმედმაც“ აღნიშნა. სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, თითქოს „მთის ამბები” „კადრებს ძველი აქციებიდან 20 ოქტომბრის პრაიდის კადრებად ასაღებს“ გამოეხმაურა „მთის ამბებიც“.
„აუდიტორიისადმი პატივისცემის გამო, გვინდა, განვმარტოთ, რომ ვიდეომასალა, რომელიც ასახავს 20 ოქტომბერს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას, გადაღებულია „მთის ამბების“ მიერ, 20:10 – 20:30 მონაკვეთში და მასში არცერთი ძველი კადრი არ არის გამოყენებული“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
20 ოქტომბრის მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“
ამსახველი ფოტოების ნახვა შესაძლებელია დამოუკიდებელი
ფოტოგრაფის Ezz Gaber-ის
ფეისბუკის პირად გვერდზე.
აქციის მონაწილეთა რაოდენობის შეფასება შესაძლებელია სხვა მედიების
მიერ გავრცელებული კადრებითაც. მაგალითად, "რადიო თავისუფლების"
ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული მასალით. Visioner-ის ინფორმაციით
კი, აქციას 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველივე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მე-11 პრინციპის მიხედვით კი, ფაქტის განზრახ დამახინჯება ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს.
მედიაში შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო წესებით: „გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში“. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე-5 პრინციპის მიხედვით კი, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
გუშინ, 20 ოქრტომბერს თბილისში გამართული პროევროპული მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები არქივიდან:
- INFO9-ის მანიპულაციური ფოტო 26 მაისის მარშის მონაწილეთა რაოდენობაზე Facebook-მა ყალბ ინფორმაციად მონიშნა
- „იმედმა“ „ტვ პირველის“ პირდაპირი ჩართვების შესახებ მანიპულაციური ქარდი გამოაქვეყნა